სამოქმედო გეგმა ზედაპირული, ძალიან ზერელე და ფასადურია, მასში ჩადებული არ არის რეკომენდაციების შესრულების აუცილებელი მექანიზმები, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტთან დაკავშირებით განაცხადა და აღნიშნა, რომ სამოქმედო გეგმა დაახლოებით ორი თვე გასაიდუმლოებული იყო.

„სამოქმედო გეგმის ეფექტურობა და შემდეგ უკვე შესრულებული სამუშაო გაიზომება იმით, რაც ისტორიული ეტაპია – ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება. სამუშაო გეგმაში ცხრავე დათქმა უნდა იყოს ასახული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, ამ დათქმებზე მუშაობა ასახული არ არის.

პირველ რიგში, ეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ეხება. თავისუფალი არჩევნების კონტექსტში გამოტანილია მხოლოდ ის უსუსური და ფასადური ცვლილება, რომელიც იურიდიული პირების მიერ პარტიების დაფინანსების აკრძალვას ეხება. ასევე, აღნიშნულია სადამკირვებლო მისიით ეუთო/ოდირის ჩამოსვლაზე, რაც ყოველ არჩევნებზე ხორციელდება. ხელისუფლებამ ეს საზოგადოებას განსაკუთრებულ ცვლილებად არ უნდა შეასაღოს. იცით, საარჩევნო ადმინისტრაციასთან დაკავშირებით არსებობს ვენეციის კომისიის ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაციები, რაც სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული არ არის.

გარდა ამისა, სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის ანტიკორუფციული ბიუროს სამსახურის დამოკიდებლობის ხარისხთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას ძალიან სერიოზული ნეგატიური დასკვნები ჰქონდა და ესეც არ არის ასახული. ასევე, პრაქტიკულად არაფერია ნათქვამი დემოკრატიის გაძლიერებასა და საგარეო პრიორიტეტების ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან თანხვედრაზე. სამოქმედო გეგმა ზედაპირულია. ძალიან ზერელე და ფასადური – მასში ჩადებული არ არის რეკომენდაციების შესრულების აუცილებელი მექანიზმები“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ნაბიჯების შესრულების სამოქმედო გეგმის დოკუმენტი გამოქვეყნდა