საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "აიპრესი" უცვლელად გთავაზობთ.
🟥საზოგადოებას გვინდა შევახსენოთ მშრალი ფაქტები გლობალური ომის პარტიის შესახებ, რომელიც საქართველოში თავისი მიზნების მისაღწევად ამერიკისა და ევროკავშირის ოფიციალურ სტრუქტურებს იყენებს:
- აფინანსებს „სირცხვილიას“, „დროას“, „ფრანკლინის კლუბს“ და სხვა ექსტრემისტულ დაჯგუფებებს;
- ანუ პირდაპირ და თავხედურად აფინანსებს პოლარიზაციას - როცა ამბობ, რომ პოლარიზებულ ქვეყანას კანდიდატის სტატუსს არ მიცემ და თან პოლარიზაციას აფინანსებ, კარგად ჩანს, რომ კანდიდატის სტატუსს, როგორც ერთმა კოლეგამ თქვა, მხოლოდ ანკესის კაუჭზე წამოცმული ჭიასავით იყენებ;
- პირდაპირ აფინანსებს ლიბერალურ ფაშიზმს, როგორც ქვეყანაში პოლარიზაციის გაღრმავების მთავარ ინსტრუმენტს;
- ლიბერალური ფაშიზმის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელს, ნაციონალ ნინო ლომჯარიას ბრეჟნევივით კიდებს ორდენებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით;
- იმის შიშით, რომ ენჯეოების გამჭვირვალობის შესახებ კანონმა პოლარიზაციისა და ლიბერალური ფაშიზმის დაფინანსება შეიძლება გააშიშვლოს, აგენტურის მეშვეობით აორგანიზებს პროტესტს ამ კანონის წინააღმდეგ;
- ევროპაში ინახავს ქართული ჯარის, ქართველი ბიზნესმენებისა და ევროპელი პენსიონერების ძარცვის ხარჯზე გამდიდრებულ კრიმინალ კეზერაშვილს, რომელსაც საქართველოში პოლარიზაციას შავი ფულით აფინანსებინებს;
- განსაკუთრებულ მხარდაჭერას გამოხატავს ნაცმოძრაობის და სხვა მაპოლარიზებელი პარტიების მიმართ. თითქმის ყველა ამერიკული და ევროპული სტრუქტურის კარი ღიაა ბოლშევიკური ტროიკისთვის - ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიასთვის, რომელიც ყველაზე აგრესიული და მაპოლარიზებელი რიტორიკით გამოირჩევა;
- საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ენჯეოების მეშვეობით, მათ შორის პარალელურის ხმის დათვლის გაყალბებით, გაყალბებულად აცხადებს გაუყალბებელ საპარლამენტო არჩევნებს და არ ცნობს პარლამენტის ლეგიტიმაციას;
- ხელისუფლებას თავს ახვევს 19 აპრილის შეთანხმებას, რომლის მთავარი მიზანი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და ნაცმოძრაობისთვის ძალაუფლების დაბრუნების კიდევ ერთი შანსის მიცემაა;
- დემონსტრაციულად არ ემიჯნება მაპოლარიზებელი პოლიტიკოსებისა და ენჯეოების რიტორიკას, რომელიც სანქციების დაწესებისკენ, უკრაინაში მოხალისეების გაგზავნისა და მეორე ფრონტისკენ არის მიმართული;
- უსამართლოდ არ გვაძლევს კანდიდატის სტატუსს და ღია მხარდაჭერას უცხადებს ამ უსამართლობაზე დაფუძნებულ მიტინგებს მთავრობის წინააღმდეგ, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, სცენაზე გამოყავს მის მიერ ყველაზე გულუხვად დაფინანსებული ენჯეოები;
- არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, უკრაინის ხელისუფლების რესურსებით, საქართველოში ჩამოყავს მთავარი მაპოლარიზებელი, მიხეილ სააკაშვილი;
- ევროპარლამენტს 400-500 ხმით ამტკიცებინებს რეზოლუციებს, რომლებითაც ითხოვს ორი მთავარი მაპოლარიზებლის, მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას გათავისუფლებას;
- იმავე რეზოლუციებით ითხოვს ბიძინა ივანიშვილის დასჯას, რომლის ფაქტორი საქართველოში პოლარიზაციის წარმატების პრევენციაში გადამწყვეტ როლს ასრულებს;
- პოლარიზაციის გასაღვივებლად, ყველანაირად ცდილობს მმართველობის სისტემის სტიგმატიზაციას ისეთი ტერმინებით, როგორიცაა „დემოკრატიული უკუსვლა“, „სახელმწიფოს მიტაცება“, „ოლიგარქიზაცია“, „კლანი“ და ა.შ.
ეს არის გლობალური ომის პარტიის პოლარიზაციისკენ მიმართული ქმედებების მხოლოდ არასრული ჩამონათვალი, რომლებსაც ის ამერიკული და ევროპული ოფიციალური სტრუქტურების მეშვეობით ახორციელებს.
რა მიზანს ემსახურება პოლარიზაციის და სახელმწიფოს დასუსტების გამუდმებული მცდელობები, ამაზე დასკვნების გამოტანა საზოგადოებისთვის მიგვინდია.
ყოველ შემთხვევაში, ჩვენ თავს უნდა დავუსვათ შეკითხვა - ხომ არ არის საქართველოს უკრაინიზაცია, ანუ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა ის მთავარი მიზანი, რომლისკენაც ქართული პოლიტიკის ხელოვნური პოლარიზაცია არის მიმართული? - ნათქვამია განცხადებაში.