„ოცნების“ მხარდამჭერები, ზოგჯერ „ნაცმოძრაობის“ შიშით, ზოგჯერ კვერცხი მირჩევნია ქათამს პრინციპით, თვალს ხუჭავენ იმაზე, რაზედაც აღარ უნდა დაიხუჭოს თვალი, -  ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტიკურმა მდივანმა, კახა ქემოკლიძემ განაცხადა.

„დღეს პრეზიდენტი ლუკაშენკო, ფაქტობრივად, ვაჟიშვილს ამზადებს იმისთვის, რომ გადააბაროს ბელორუსიის მმართველობა და დარწმუნებული ვარ, თუ ჩვენ ვერ მოვახერხეთ ამის გარღვევა, დაახლოებით იგივე სცენარში აღმოვჩნდებით, ისიც სწორედ იმისდა გამო რომ საქართველოში სხვადასხვა სუბიექტურ-ობიექტურ ფაქტორებიდან გამომდინარე, დაწყებული პროპაგანდით, დამთავრებული ინერტულობით, სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებით, ჩვენ, უბრალოდ, ვერ ვაანალიზებთ იმ საფრთხეს, სამწუხაროდ, რომელიც რეალურად გვიდგას დღის წესრიგში. ამაში ვგულისხმობ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, რომლებიც ზოგჯერ „ნაცმოძრაობის“ შიშით, ზოგჯერ უბრალოდ, დროებითი ხვალინდელი კეთილდღეობით, კვერცხი მირჩევნია ქათამს პრინციპით, ზოგჯერ პოლიტიკური ინდიფერენტულობით თვალს ხუჭავენ იმაზე, რაზეც უკვე აღარ უნდა დაიხუჭოს თვალი“, - განაცხადა კახა ქემოკლიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.