დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, 2008 წლის ომი იყო გარედან წამოსული დაკვეთა და ის უმძიმესი ჭრილობები ქვეყანას დღესაც არ აქვს მოშუშებული.
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნის დავით საყვარელიძის მიერ 2008 წლის ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ დღეს ნათლად ჩანს, რამდენად საშიში იყო სააკაშვილის რეჟიმი ხელისუფლებაში და რამდენად საშიშია ოპოზიციაშიც.
„ჩვენ ვიცით, რა როგორ იყო რეალურად, იგივე რეზოლუცია როგორ იქნა მიღებული, პროცესები როგორ დაიწყო. ცხადი და ნათელია, რომ ყველაფერი იმ პოლიტიკის შედეგია, რასაც სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი ახორციელებდა. ქვეყანას შეეძლო ომის თავიდან არიდება, თუმცა სააკაშვილის ავანტიურამ მოგვიტანა ის უბედურება, რაც მივიღეთ 2008 წელს. რა თქმა უნდა, ეს გარედან წამოსული დაკვეთა იყო, ისინი გადაწყვეტილებებს მარტო ვერ იღებდნენ, ისინი წარმოადგენენ ქვეყანაში აგენტურას, ჰყავთ თავიანთი გარე პატრონები, „დიფ სთეითის“ სახით. უმძიმესი შედეგი მივიღეთ 2008 წელს და დღესაც ვერ მოგვიშუშებია ის ჭრილობები.
დღევანდელი გადმოსახედიდან უკვე ყველა კარგად ხედავს, რამდენად საშიში იყო სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი ხელისუფლებაში და დღეს რამდენად საშიშია ოპოზიციაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.










