უკრაინის სპეცსამსახურების დავალებით ასაფეთქებელი ნივთიერების ტრანსპორტირება, შესაძლოა, კავშირში იყოს მოახლოებულ არჩევნებთან, არაფერია გამორიცხული, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც ჟურნალისტების შეკითხვებზე საპასუხოდ, კახა კალაძემ განაცხადა, უკრაინის ცალკეული მაღალჩინოსნები არიან ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში საქართველოში ხალხს აუბედურებდნენ.

„არაფერი არის გამორიცხული იმის გათვალისწინებითაც, თუ ვინ არიან უკრაინის მაღალ თანამდებობებზე წარმოდგენილი. შემთხვევით, ის ადამიანები ხომ არ არიან, წლების განმავლობაში აქ, საქართველოში ხალხს რომ აუბედურებდნენ და თუ რაიმე უბედურება ხდებოდა ადამიანის უფლებების დარღვევის თვალსაზრისით, მათი ჩართულობით ხდებოდა. ხომ არ არიან, შემთხვევით, ეს ადამიანები იქ მაღალ თანამდებობებზე?“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, აღნიშნულ საქმეზე ძალიან ბევრი დეტალი გაირკვევა.

„ძალიან ბევრი რამ გაირკვევა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება. ცხადია, ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი, თუმცა მადლობა მინდა გადავუხადო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს, ძალიან მნიშვნელოვანი ოპერაცია იქნა ჩატარებული, პრევენციული ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანია, დაველოდოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ბაჩო ახალაიას მეუღლის მიერ სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტარს, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო გადატრიალებისთვის მზადება ამითაც დასტურდება.

„ის, რომ მიმდინარეობდა განხილვები და მზადება სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებით, ეს დადასტურდა, თუნდაც, ამ სტატუსით. ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობდა, შესაბამისი უწყებები მუშაობენ აღნიშნული მიმართულებით. მე თავს შევიკავებ, მეტს ვერაფერს ვიტყვი, დაველოდოთ გამოძიებას და შესაბამისი უწყებები გააკეთებენ განმარტებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.