აქ არ არის მხოლოდ პარტიულ ინტერესებზე საუბარი და ვიწროპარტიული ინტერესებიდან არ გამოვდივარ, პარტიაზე მაღლა დგას რაღაც, როდესაც ქვეყანაზე და სამშობლოზე ვსაუბრობთ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „იმედის კვირაში“ განაცხადა, რითაც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება შეაფასა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, 2024 წლის არჩევნებზე ოპოზიციის მხრიდან ისეთივე შემოტევა იქნება, როგორც 2020 წელს.

„მე მგონია, რომ მაინც იქნება შემოტევები და ზეწოლა. გავიხსენოთ 2020 წლის არჩევნები, როგორი ზეწოლა იყო - გვაბრალებდნენ, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა. წარმოიდგინეთ, იმ დონეზე მივიდნენ და ისიც კი იკადრეს, რომ პარალელური დათვლები გააყალბეს და ამით უნდოდათ ქვეყანაში რევოლუცია მოეწყოთ. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ე.წ. მეგობრებისთვის მისაღები არ არის, იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ ის ადამიანები, ვისაც რაღაცას უბრძანებენ და ქვეყნის წინააღმდეგ ნაბიჯს გადაადგმევინებენ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.