დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თავიდანვე ცნობილი იყო, რომ 4 ოქტომბერი ოპოზიციისთვის მარცხის დღე იქნებოდა.
ჟურნალისტებთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული პოლიტიკოსები და აქტივისტები დღეს მონანიებითა და ბოდიშის მოხდით თავისუფლდებიან, რაც ქართული სახელმწიფოსა და მთავრობის ჰუმანურობის მაჩვენებელია.
„თავიდანვე ცხადი იყო, რომ ეს მარცხის დღე იქნებოდა, იმიტომ რომ დღეს ქართული სახელმწიფო ძლიერია თავისი ინსტიტუციებით ისე, როგორც არასდროს. რა თქმა უნდა, ეს მოიტანა იმ პოლიტიკამ, რომელსაც ახორციელებს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. ეს არ არის შემთხვევითი, ამას დასჭირდა წლები, რათა სახელმწიფო ყოფილიყო მოწოდების სიმაღლეზე. 4 ოქტომბერს შესაბამისმა სამსახურებმა ძალიან მაღალ დონეზე იმოქმედეს. დღეს ყველანი ვხედავთ, ეს ადამიანები სად იმყოფებიან - ყოველდღე აღიარებითი ჩვენებებით, მონანიებითა და ბოდიშებით თავისუფლდებიან. ესეც სახელმწიფოს და საქართველოს მთავრობის ჰუმანური დამოკიდებულებაა, მიუხედავად იმისა, რომ 4 ოქტომბერს უმძიმესი ფაქტი მოხდა და ეს იყო სისხლის სამართლის მძიმე დანაშაული“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან მან აღნიშნა, რომ საინტერესო არ არის საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლებული კონკრეტული პოლიტიკოსები მოახერხებენ თუ არა პოლიტიკაში დაბრუნებას.
„რა პოლიტიკაზე ვსაუბრობთ? დღეს რეალურად ოპოზიცია არ არსებობს. არის კონკრეტული უსამშობლო მოღალატეების დაჯგუფება, რომელიც იმართება და ფინანსდება გარედან. თუ რაღაც სჭირდებათ, გარეთ გარბიან, რომ თავიანთ პატრონებს ჰკითხონ, მათგან მიიღონ დავალებები. ქართველ ხალხთან საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვთ, მოწყვეტილნი არიან.
ვერ გეტყვით, რა დამოკიდებულება ექნება იმ ადამიანების ნაწილს, ვინც სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას ამ ტიპის ქმედებებში მხარს უჭერს, თუმცა საინტერესო არ არის. იმდენად დაბალი მხარდაჭერა აქვთ საზოგადოებაში, რომ გულწრფელად ვიტყვი, ნამდვილად არ არის საინტერესო კონკრეტული რაღაც პარტიები ან სახელები და გვარები“, - განაცხადა თბილისის მერმა.












