გუშინ ვუყურებდით ანალიზს, ვინ იყო, ვინ აქტიურობდა ყველაზე მეტად და ვის ჰქონდა ისტერიკა, ესენი იყვნენ კოლექტიური „სანაცეთი“ და „ხანდაზმული თაღლითების“ წარმომადგენლები. ხანდაზმული თაღლითები ვინ არიან, მგონი, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ყველამ კარგად იცის, რას წარმოადგენს ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი.
„რა დღეში იყავით? რა განცხადებებს აკეთებდით? რა ისტერიკა გქონდათ? ეს ჩაშლილი მესიჯბოქსი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დღეს დედაქალაქს, ქვეყანას ჰყავს ძლიერი მთავრობა, ძლიერი ხელისუფლება, რომელიც თქვენ არ მოგცემთ იმის შესაძლებლობას, რომ საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში, მოატყუოთ მოსახლეობა და სიცრუეში ამყოფოთ. ჩვენ რა თქმა უნდა წერეთლის გამზირის პროექტსაც დავამთავრებთ, სხვა მნიშვნელოვან სამუშაოებსაც განვახორციელებთ რაც სჭირდება დედაქალაქს, ჩვენი ქვეყნის მომავალს, ყველაფერი იქნება გაკეთებული. 2024 წელი არის მნიშვნელოვანი. ბევრი საინტერესო პროექტი გვაქვს დაგეგმილი, რომელიც უნდა დავიწყოთ, არის მიმდინარე პროექტები, რომლებიც დასრულდება. არ ვაპირებთ ხელმოცარული აგენტების ისტერიულ კამპანიას რაღაც ყურადღება დავუთმოთ. ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა, ვიცით, რასაც ვაკეთებთ, ვიცით, რომ ეს სჭირდება ჩვენს ქალაქს, ჩვენს შვილებს, მომავალ თაობებს და ეს დამოკიდებულება და ეს მიდგომები გაგრძელდება მომავალშიც“, – განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერის განცხადებით, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რას წარმოადგენს ყველა პოლიტიკოსი, ყველა პოლიტიკური პარტია.
„ყველამ კარგად იცის, ვის რა წარსული აქვს, იგივე ხანდაზმული თაღლითების პარტიის ლიდერები რით იყვნენ დაკავებული. დღეს ვიღაცებს რომ სურვილი აქვთ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, თითქოს „ლელო“, პირობითად ვიძახი, რაღაც ახალი პარტიაა და ახალი სახეები არიან, ვინ არიან ახალი სახეები? ხაზარაძეა ახალი სახე? ვინ არის ახალი სახე? ამ პარტიის წარმომადგენლები? თუ უსუფაშვილია ახალი სახე? სამადაშვილია ახალი სახე? ეს რეალურად არის ერთი გუნდი, რომელსაც ერქვა „ნაციონალური მოძრაობა“. შეიძლება, ბატონი ხაზარაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი არ იყო, მაგრამ პირველი იყო, ვინც იმ ბინძურ საქმეებს აკეთებდა და ხელის ბიჭი იყო სააკაშვილის, არ ახსოვს საზოგადოებას ეს ყველაფერი? თუ დაავიწყდა? ყველაფერი გვახსოვს და არაფერი არ დაგვიწყებია, როგორ აუბედურებდით ხალხს, როგორ ართმევდით ბიზნესებს, შენ და შენი ბანკის კონკრეტული წარმომადგენლები. ძალიან კარგად გვახსოვს ეს ყველაფერი და თქვენი ადგილი იქნება იქ, სადაც დღეს იმყოფებით და ის მცდელობა, რომ რაღაცნაირად 5%-იანი ბარიერი გადაგალახინონ ვიღაცებმა, ამას საზოგადოებას ვერ მოატყუებთ. თქვენ ერთნი ხართ ყველანი, ერთი პატრონი გყავთ, ემსახურებით სხვა ქვეყნის ინტერესს და არა ამ ქვეყნის, არც სამშობლო გაგაჩნიათ, არც სამშობლოს სიყვარული გაქვთ. ეს ხართ რეალურად თქვენ და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ძალიან კარგად აფასებს, კარგად ხედავს, რას ემსახურება ის ისტერიკა, ის სიბინძურე, რასაც კადრულობთ ყოველდღიურ რეჟიმში, გაგცემთ პასუხს საზოგადოება 2024 წლის არჩევნებზე“, – განაცხადა კალაძემ.