ხაზარაძეს სახელმწიფოს მხრიდან თანადგომა და ვადების გადაწევის შესაძლებლობა ჰქონდა, თუმცა ანაკლიის პორტის პროექტში ვერცერთი ბიზნესჯგუფი ვერ შემოიყვანა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან პარტია „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის კრიტიკის საპასუხოდ ისაუბრა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მამუკა ხაზარაძე ანაკლიის პორტის მშენებლობაში ჩინური კომპანიის მონაწილეობის საკითხს აკრიტიკებს, თუმცა თავის დროზე თავადაც ჰქონდა სურვილი, რომ ჩინური კომპანიები შემოეყვანა.
„მამუკა ხაზარაძეს დაავალეს, რა უნდა თქვას და ამას იმეორებს. რეალობაში, ანაკლიის პორტის მშენებლობის დროს მას ჰქონდა სურვილი, ჩინური კომპანიები შემოეყვანა, თუმცა ეს ვერ მოახერხა. არადა, საკმარისი დრო, შესაძლებლობა, სახელმწიფოს მხრიდან თანადგომა, ვადების გადაწევის შესაძლებლობა ჰქონდა ამისთვის. მან ვერ შეძლო ვერცერთი ბიზნესჯგუფის შემოყვანა. აღნიშნული პროექტი, მისი ჩართულობით, თავიდანვე განწირული იყო მარცხისთვის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მსგავსი დიდი მასშტაბის პროექტში ჩინური კომპანიების ჩართულობა მისასალმებელია, რადგან ეს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს.
„ზოგადად, ამ მასშტაბის პროექტის განხორციელებისას ისეთი რეგიონისთვის, როგორიც საქართველოა, მნიშვნელოვანია ჩინური კომპანიების არსებობა. თუ ტვირთი არ იქნება, პორტიც ვერ იმუშავებს. თქვენ წარმოიდგინეთ, ჩინეთს ევროკავშირთან დაახლოებით, 800 მილიარდის ოდენობის სავაჭრო ურთიერთობები აქვს. ამის გარკვეული ნაწილი თუნდაც საქართველოს გავლით რომ წამოვიდეს, რამხელა შეღავათია და მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, სამუშაო ადგილების შექმნისთვის, განვითარებისთვის. ჩვენ ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით“, – განაცხადა თბილისის მერმა.