თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ბოლო წლების განმავლობაში, თავისი პრაგმატული პოლიტიკით ახერხებს, ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნოს, რაშიც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს განსაკუთრებული როლი აქვს. ამის შესახებ მან ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
„ბოლო წლებში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. პირველი, დამოკიდებულება - ადამიანი გახდა ღირებული და ჩვენი გუნდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. რაც კეთდება, რა თქმა უნდა, მთავარი პრიორიტეტია ადამიანი, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, რომელიც იყო გათელილი. აღარ დავიწყებ იმის გახსენებას, თუ რა ხდებოდა წლების განმავლობაში ქვეყანაში, რომელსაც დემოკრატიის შუქურად მოიხსენიებდნენ ხოლმე. სრული კატასტროფა და უბედურება იყო - ბიზნესი დარეკეტებული, ადამიანის ღირსება ჰქონდათ ფეხქვეშ გათელილი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე შეფასებით, 2012 წლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა - ქვეყანაში შენარჩუნებულია მშვიდობა და პირველ რიგში, გათვალისწინებულია ქართველი ხალხის ინტერესები.
„ბოლო წლების განმავლობაში პირველი და მნიშნელოვანი, რაც გაკეთდა, რასაც „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ყოველდღიური ბრძოლით, წინგადადგმული ნაბიჯებით ახორციელებს - შევინარჩუნეთ მშვიდობა. ცხადია, მარტივი არ ყოფილა და არ არის მშვიდობის შენარჩუნება, იმის გათვალისწინებით, თუ როგორ ებრძვიან ჩვენს სახელმწიფოებრიობას, ქართველ ხალხს, ჩვენს ქვეყანას ზოგადად. არ ისვენებენ და ყველა განცხადება, რასაც ვისმენთ გარედან, გაჯერებულია მხოლოდ და მხოლოდ სიცრუით, ცილისწამებით, მუქარებით, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენი მტკიცე, პრაგმატული პოლიტიკით ვახერხებთ, ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა, სიმშვიდე. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში განსაკუთრებული როლი აქვს ბიძინა ივანიშვილს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
კითხვაზე - ვის გულისხმობდა ბიძინა ივანიშვილი მოღალატეებში, კახა კალაძის განცხადებით, ეს პირველ რიგში, ის აგენტურული ქსელია, რომელიც ქვეყანაში, უცხოური დაფინანსებით, რევოლუციების მოწყობისთვის იქმნებოდა.
„მოღალატეები ქვეყნის შიგნით თუ გინდათ ნახოთ, ეს არის ის აგენტურა, უსამშობლო ადამიანები, რომელთაც არანაირი რესურსი არ გააჩნიათ, ფულზე გაყიდულები არიან. წლების განმავლობაში ასეულობით მილიონი იხარჯებოდა, რომ ეს აგენტურული ქსელი შექმნილიყო. ეს ყველაფერი სჭირდებოდათ იმისთვის, რომ ქვეყანა აკონტროლონ. როდესაც ხელისუფლება არსებობს და გყავს აგენტურული ქსელი, გარედან აკონტროლებ და რასაც გინდა, იმას გააკეთებინებ ხელისუფლებას. თუ არადა, „ააყირავებ“, რევოლუციას მოუწყობ და ა.შ. ამის მცდელობები იყო ყოველწლიურად და დღესაც არ ისვენებენ. ნახეთ, რამდენჯერ იყო მცდელობა, რევოლუცია მოეწყოთ ქვეყანაში, მაგრამ ქართველი ხალხი გონიერია, ძალიან კარგად აფასებს, ხედავს, თუ რა პროცესები მიდის, ვის რა პოლიტიკური ინტერესი აქვს ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში. ძალიან კარგად გაიგო ქართველმა ხალხმა, რომ აქ არც ამერიკელი ჩამოვა, არც ევროპელი, არც თუნდაც რუსი, არ დაიცავს და არ გააკეთებს ჩვენს გასაკეთებელს. ყველას - ამერიკელსაც, ევროპელსაც, რუსსაც აქვს თავისი პოლიტიკური ინტერესი ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით. ჩვენ, ქართველებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ პირველ რიგში, ჩვენი ქვეყანა, სამშობლოს ინტერესები დავიცვათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.