დღეს მოქმედების დროა და ეს მოქმედება, პირველ რიგში, არჩევნებზე ჩვენი გააზრებული არჩევანით უნდა გამოვხატოთ. რა არის ქართველი კაცის, ქართველი ადამიანის ქართული ოცნება? მე დარწმუნებული ვარ, ყველა ის ადამიანი, ვისაც უყვარს საკუთარი სამშობლო, საკუთარი ხალხი და ქვეყანა, ყველას გულში ოცნება აქვს, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა და სიმშვიდე, მოვახდინოთ ქვეყნის ტერიტორიული გამთლიანება, ეკონომიკური განვითარება და რა თქმა უნდა, ყველა ღირსეული ქართველის ქართულ ოცნებას გაუმარჯოს! - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთში ამომრჩეველთან შეხვედრის დროს განაცხადა.
"ჩემო მეგობრებო, ჩემო თანამებრძოლებო, ჩვენ უნდა ავირჩიოთ მშვიდობა ომის ნაცვლად, შენება და განვითარება ნგრევის ნაცვლად, უნდა ავირჩიოთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანების გზა და მხოლოდ ამ გააზრებული ნაბიჯებით, გაერთიანებული ქვეყნით, მშვიდობით და ღირსებით შევაბიჯოთ იქ, სადაც ჩვენი ისტორიული ადგილია - ერთიან ევროპულ ოჯახში!
გაუმარჯოს ერთიან საქართველოს, გაუმარჯოს საქართველოს მშვიდობიან, ევროპულ მომავალს, გაუმარჯოს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც გვიცხადებს ნდობას და გვაძლევს შესაძლებლობას, ქვეყანა სწორი გზით ვატაროთ.
გაგიმარჯოთ, ჩემო თანამებრძოლებო, ღმერთი იყოს თქვენი და სრულიად საქართველოს მფარველი!"- განაცხადა კახა კალაძემ.