"მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არის უამრავი მტერი და ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ, რომ საქართველო ჩართულიყო ომში, გახსნილიყო მეორე ფრონტი, იყო ძალიან დიდი შემოტევები უცხოეთიდან, რომელიც დღესაც გრძელდება, მიმდინარეობს სხვადასხვა ტიპის შანტაჟი, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა, სიმშვიდე, მოვახდინოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და არავის მივცეთ შესაძლებლობა, ჩვენი ქვეყნის ინტერესები დავთმოთ სხვა დიდი ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ. უპირველეს ყოვლისა ჩვენი ქვეყანა და ჩვენი სამშობლო“ - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. 

"შანტაჟი უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს და გრძელდება. ჯერ იყო კანდიდატის სტატუსის მოცემა-არმოცემა, შემდეგ მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნა. ევროპულ ინტეგრაციას ყოველთვის იყენებენ შანტაჟის მექანიზმად.

წარმოუდგენელია ეს დამოკიდებულება. ჩვენ არავის ვერჩით, არავის ვესხმით თავს, უბრალოდ ვიცავთ საკუთარ ქვეყანას, მის ინტერესს და არ გვინდა, ვინმეს მივცეთ ჩვენი ქვეყნის გამოყენების შესაძლებლობა, ცუდ კონტექსტში, სათავისოდ. არავის მიეცემა შესაძლებლობა, ჩვენი ქვეყანა აშანტაჟოს. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა, სუვერენული სახელმწიფო. ევროპა და ევროპული ღირებულებები რატომ გვინდა? რა არის მისი მთავარი ფუნდამენტი? ეს არის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, საკუთრების უფლება, ბიზნესის ხელშეუხებლობა. გვახსოვს წლები, როდესაც ყველა ეს ღირებულება ფეხქვეშ იყო გათელილი, როდესაც ბიზნესს ატერორებდნენ, განსხვავებულ აზრს დევნიდნენ, ხალხს იჭერდნენ და ღამის საათებში ციხეებში ბიზნესებს აფორმებინებდნენ, ამ ყველაფერს კი ეს ევროპელი ბიუროკრატები წლების განმავლობაში „დემოკრატიის შუქურად“ მოიხსენიებდნენ. 
ასეთი „დემოკრატიის შუქურა“ თავისთვის დაიტოვონ. ჩვენ ვაშენებთ ძლიერ, დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოს, სადაც, პირველ რიგში, ქართველი ხალხის ინტერესები იქნება გათვალისწინებული“, -  განაცხადა კახა კალაძემ.