„გუშინ მოვისმინეთ შეფასებები პრემიებთან დაკავშირებით, რომ თითქოს, ვიყენებთ პრემიების გაცემა-არგაცემის საკითხს თანამშრომლების დასაშანტაჟებლად, რაც არის ტყუილი. 2017 წლიდან ვარ თბილისის მერი. ვერ მოიყვანთ ვერცერთ შემთხვევას, რომ ჩვენ ვიღაც დაგვესაჯა პოლიტიკური შეხედულებების გამო ან ვიღაცის მიმართ გვქონოდა არასამართლიანი დამოკიდებულება სხვადასხვა საკითხთან მიმართებით თავისი შეხედულებების გამო. ბუნებაში არ არსებობს არცერთი მაგალითი, რომ ჩვენ ადამიანები დაგვეყო პოლიტიკური ნიშნით." - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"რაც შეეხება პრემიას, მას კანონმდებლობა განსაზღვრავს. ხდება კონკრეტული თანამშრომლის შეფასება მის საქმიანობასთან დაკავშირებით, თუ როგორ მუშაობს ის. შემდეგ მისივე სამსახურის ხელმძღვანელი იღებს გადაწყვეტილებას და აკეთებს იმას, რაც კანონით გათვალისწინებულია. არცერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ ვინმე დაგვეჩაგრა, ვინმეს მიმართ გვქონოდა უსამართლო დამოკიდებულება, თუმცა ასევე ხაზი მინდა გავუსვა ერთ რამეს - იცით, რომ გავრცელდა პეტიცია, სადაც ჩვენი 200-ზე ცოტა მეტი თანამშრომელი აწერს ხელს. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი მტკიცებულება, თუ როგორ ხდებოდა თანამშრომლების დაშანტაჟება, ბულინგი, რაც კატეგორიულად მიუღებელია. არ დავუშვებთ, რომ მოხდეს ადამიანების დაბულინგება, რომ რაღაცას ხელი მოაწეროს ან არ მოაწეროს. ეს ქმნის ძალიან არაჯანსაღ სიტუაციას სამსახურებში. შესაბამისად, პრემიებთან დაკავშირებით ვიმოქმედებთ ისე, როგორც კანონი გვეუბნება და არავითარ შემთხვევაში, არავის დავსჯით რაღაც შეხედულებების გამო“, - აღნიშნა კახა კალაძემ.