დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ტვ „იმედის“ პირდაპირ ეთერში განმარტება გააკეთა იტალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრ, აწგარდაცვლილ სილვიო ბერლუსკონისთან 2008 წელს, საქართველოში რუსეთის შემოჭრის დროს, შემდგარი კომუნიკაციის შესახებ, რაზეც საუბარია იტალიური La Gazzetta dello Sport-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
მისი თქმით, ეს არის სიმართლე და ერთი ფაქტი, რომელიც დაკავშირებული იყო იმ ტრაგედიასთან, რაც 2008 წელს საქართველოში ხდებოდა.
„სააკაშვილის დროინდელმა თანამდებობის პირებმა აღნიშნულთან დაკავშირებით ქილიკი დაიწყეს, თითქოს მე გამიჩერებია ომი, თანაც ქილიკობს ის, ვინც უდიდესი წვლილი შეიტანა იმაში, რაც ომთან იყო დაკავშირებული, მათ მშვიდობიანი მოსახლეობა მიატოვეს.
იმ პოლიტიკით, რასაც კონკრეტული პარტია და კონკრეტული პოლიტიკოსები აკეთებდნენ საქართველოს ძალიან დიდი უბედურება მოუტანეს.
ჯერ საქილიკო რა არის? არსებობს ვიდეოები ომის დღეებში, თუ რა დამოკიდებულება ჰქონდათ, როგორ იცინოდნენ მთავრობის სხდომებზე და აქ გვაზეიმეს რუსთაველზე, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ ცხედრები არ გვყავდა გამოსვენებული. ვფიქრობ, ამ ადამიანებს საქილიკო არაფერი აქვთ, ჩვეულებრივი დამნაშავეები არიან“, - განცხადა კახა კალაძემ.
სილვიო ბერლუსკონისთან შეხვედრაზე საუბრისას, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ ეს შეხვედრა მის სახლში შედგა და მან სთხოვა პრემიერ-მინისტრს, რომ თუ რაიმე რესურსი გააჩნდა, ჩართულიყო, რათა ომი შეჩერებულიყო.
„რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტს, ეს არის სიმართლე. მაშინ პატარა ბიჭი ვიყავი, „მილანში“ ვთამაშობდი და, რა თქმა უნდა, უმძიმესი იყო ჩემთვის იმ კადრების ყურება, რაც დაკავშირებული იყო ომთან, გარდაცვლილ ადამიანებთან, ჩემს ქვეყანასთან, დაღუპულ ჯარისკაცებთან.
მე, ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში, პირველი, რაც გავაკეთე, იყო ის, რომ მოვიწვიე პრეს-კონფერენცია და ვისაც ჰქონდა შესაძლებლობა, მოვუწოდებდი, შეჩერებულიყო ის უბედურება და ტკივილი, რაც ხდებოდა. მეორე – მაშინ ბერლუსკონი გახლდათ იტალიის პრემიერ-მინისტრი და მარტივი არ იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან ყოველდღიური შეხვედრა, ამიტომ ვითხოვე მასთან შეხვედრა. ეს შეხვედრა მის სახლში მოხდა, მივედი და ვთხოვე, რომ თუკი რაიმე რესურსი გააჩნდა, ჩართულიყო ომის შესაჩერებლად. მას ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა პრეზიდენტ პუტინთან. ის დამპირდა, რომ აუცილებლად მაქსიმუმს გააკეთებდა.
რამდენიმე დღის შემდეგ, მართლაც, მოხდა აღნიშნული შეთანხმება და ეს ფაქტი გავიხსენე, როდესაც ვსაუბრობდი მის ადამიანობაზე. ის დიდი ადამიანი იყო, არა მხოლოდ როგორც პრემიერ-მინისტრი, არამედ პირველ რიგში, იყო ადამიანი და კაცი. ამ ყველაფერს ძალიან ვაფასებ. მე არ ვახსენე, როგორ დამიდგა გვერდით, როდესაც ჩემი პირადული, ოჯახური ტრაგედია მოხდა, უბრალოდ, მოვყევი ერთი ფაქტი, რომელიც დაკავშირებული იყო ჩემს სამშობლოსთან და იმ ტრაგედიასთან, რომელიც 2008 წელს ხდებოდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.








