საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ევროპარლამენტში 2026 წლის გაფართოების პაკეტის წარდგენისას საქართველოს შესახებ დასმულ კითხვებს უპასუხეს.
კალასის თქმით, იანვარში საგარეო საქმეთა მინისტრებთან საქართველოსთან დაკავშირებით უფრო ძირეული განხილვა იქნება.
„გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია. როგორც ორივემ ვთქვით შესავალ სიტყვაში, ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს და მათ არჩევანს. იანვარში საგარეო საქმეთა მინისტრებთან უფრო ძირეული განხილვა გვექნება საქართველოსთან დაკავშირებით, თუ როგორ დავუჭიროთ მხარი ხალხს და მათ მისწრაფებებს ევროკავშირის წევრობისკენ.
საქართველოს მთავრობა ამჟამად ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზეა დემოკრატიული უკუსვლის საკითხთან დაკავშირებით. ეს ძალიან, ძალიან ნათელია. ვგულისხმობ, რომ გადადგმული ნაბიჯები სწორი მიმართულებით არ მიდის. ახლა განვიხილავთ, თუ არა რაიმე რეაგირებას ამ ეტაპზე? ნაადრევია ამის თქმა. როგორც ვთქვი, იანვარში უფრო ღრმად განვიხილავთ საქართველოს საკითხს. არსებობს განსხვავებული შეხედულებები. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ როგორ უნდა ვუპასუხოთ ისე, რომ ნათლად მივუთითოთ – ჩვენ ვუჭერთ მხარს ქართველ ხალხს და მათ მისწრაფებებს და არ ვაქცევთ ზურგს იმ ქართველ ხალხს, რომელსაც რეალურად სურს, რომ ასევე იყოს ევროკავშირის ნაწილი. თუმცა, ამავე დროს, მთავრობას მივაწოდოთ მკაფიო გზავნილები, რომ ჩვენ არ ვუჭერთ მხარს ამ ტიპის პოლიტიკას“, – განაცხადა კალასმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ სანქციები კვლავ დადგეს დღის წესრიგში და ევროკომისიამ ამაზე კონსენსუსი მიაღწიოს, კალასმა აღნიშნა, რომ დისკუსიები მიმდინარეობს და იანვარში საკითხი ფართოდ განიხილება.
„დისკუსია ეხებოდა იმ მინისტრების სანქცირებას, რომლებმაც ძალადობა გამოიყენეს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. დიახ, ეს სიმართლე იყო, ამ ეტაპზე ყველა არ უჭერდა მხარს. გარკვეული წევრი სახელმწიფოები ამის წინააღმდეგი იყვნენ. რა თქმა უნდა, ეს დისკუსიები მიმდინარეობს და იანვარში ამ საკითხზე ფართოდ ვისაუბრებთ, თუ როგორ მივაღწიოთ იმას, რასაც შეიძლება ჰქონდეს ყველაზე დიდი ეფექტი ქართველი ხალხისთვის. თუმცა, ამავე დროს, მთავრობას ძალიან ნათლად მივცეთ სიგნალი, რომ ეს არ არის სწორი გზა. ასე რომ, ამ ეტაპზე, ყველაფერი განიხილება“, – განაცხადა კალასმა.
ამასთან, გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს, შეცვალოს კურსი და დაუბრუნდეს დემოკრატიას, შემდეგ კი შესაძლებელი იქნება, გაწევრიანების პროცესი განახლდეს.
„ევროკავშირის კარი ღია რჩება საქართველოსთვის, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს შეცვალოს კურსი და დაუბრუნდეს დემოკრატიას, კანონის უზენაესობას და ფუნდამენტური უფლებების პატივისცემას, შემდეგ კი გაწევრიანების პროცესი, შესაძლებელი იქნება განახლდეს. ჩვენ ვაცნობიერებთ და ეს გვაძლევს იმედს, რომ ქართველების აბსოლუტურ უმრავლესობას სურს ევროპული მომავალი და ჩვენ გვინდა, რომ საქართველო ისევ ამ გზაზე იყოს“, – აღნიშნა მარტა კოსმა.







