მომხმარებელს შესაძლებლობა მიეცემა, ქირავნობის ხელშეკრულება საჯარო რეესტრში დაარეგისტრიროს, სადაც მითითებული იქნება, რომ თუ მოქირავნე ვალდებულებას არ შეასრულებს და თანხას არ გადაიხდის, მას აღსრულების ეროვნული ბიურო გამოასახლებს,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას დეპუტატების შესაბამის კითხვაზე პასუხისას განაცხადა.
მისი თქმით, ქირით შესული ადამიანების ბინებიდან უკან გამოყვანა პრობლემაა და მისი გადაჭრის მკაფიო სამართლებრივი მექანიზმი დღეისთვის არ არსებობს.
„გიდასტურებთ, რომ ეს [ქირით შესული ადამიანების ბინებიდან უკან გამოყვანა] არის ძალიან დიდი პრობლემა. კერძოდ, ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანმა ბინა გააქირავა და მოქირავნე აღარ გამოდის. ამ პრობლემის გადაჭრის მკაფიო სამართლებრივი მექანიზმი დღეისთვის არ არსებობს, შესაბამისად, როდესაც მესაკუთრეს აქვს ბინა, მას არც ფულს უხდიან ბინაში, არც იქიდან გამოდიან. ეს არის პრობლემა, რომელიც საკუთრების ფუნდამენტურ უფლებას უკავშირდება. შემდეგ იმართება სასამართლო პროცესები, რომელიც შესაძლოა, 1 წელიც გაგრძელდეს და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ადამიანს საკუთრების უფლება შეზღუდული აქვს, რაც ყოვლად დაუშვებელია. სწორედ ამიტომ, მოხარული ვარ გაცნობოთ ინიციატივაზე, რომელიც შევიმუშავეთ. კერძოდ, მომხმარებელს შესაძლებლობა მიეცემა, ქირავნობის ხელშეკრულება საჯარო რეესტრში დაარეგისტრიროს, სადაც მითითებული იქნება, რომ თუ მოქირავნე არ შეასრულებს ვალდებულებას, არ გადაიხდის თანხას, მას აღსრულების ეროვნული ბიურო გამოასახლებს. ამ შემთხვევაში მესაკუთრის უფლებები დაცული იქნება. ეს სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მოხდება და ამაზე მხარეები წინასწარ იქნებიან შეთანხმებულები. თუ მხარეები გადაწყვეტენ, მსგავსი ტიპის ხელშეკრულება გააფორმონ, ისინი დაცულები იქნებიან და მათი საკუთრების უფლება ქმედითად რეალიზებული იქნება. ეს ინიციატივა გვაქვს და ცოტა ხანში წარვუდგენთ საქართველოს პარლამენტს“,- განაცხადა რატი ბრეგაძემ.