ITB CHINA 2026-ზე საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგება, რაც ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას და ტურისტული ნაკადების მოზიდვას შეუწყობს ხელს.
საქართველოს ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა შანხაის ორ აეროპორტში, ცენტრალურ მოედნებზე - სულ 400-მდე ლოკაციაზეა გამოფენილი.
აზიის რეგიონში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენის დაწყებამდე ერთი დღით ადრე ბოლო მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
საქართველოს სტენდი და მოსამზადებელი სამუშაოები დაათვალიერეს ეკონონიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა, კულტურის მინისტრის მოადგილემ, გიორგი მირცხულავამ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ.
შანხაის გამოფენა 26 მაისს მაღალი რანგის სტუმრების მიერ საქართველოს სტენდის დათვალიერებით დაიწყება. მათ საშუალება ექნებათ, გაეცნონ ქართულ კულტურასა და ტურისტულ პოტენციალს, დააგემოვნონ ქართული კერძები და ღვინო.
ქვეყნის ეროვნულ სტენდს შანხაიში 400 კვადრატული მეტრი დაეთმობა. მოეწყობა სამუშაო სივრცე, სადაც მონაწილე 30-მდე ქართულ ტურისტულ კომპანიას საშუალება ექნება, გამართოს შეხვედრები პოტენციურ პარტნიორებთან. გამოფენის ფარგლებში გაიმართება საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი პრეზენტაციები და სამუშაო შეხვედრები. გარდა ამისა, საქართველოს ეროვნული სტენდის სტუმრებს სამი დღის განმავლობაში საშუალება ექნებათ, გაეცნონ ქართულ კულტურას, ფოლკლორს, გასტრონომიას, ღვინოს.
საქართველოს პავილიონში, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, გამოფენის ვიზიტორები ქართული რეწვის ნიმუშებს გაეცნობიან და ინფორმაციას მიიღებენ საქართველოს მუზეუმებისა და ფონდებში დაცული კოლექციების შესახებ. ITB China-ს ფარგლებში ჩატარდება რეწვისა თუ ქართული კალიგრაფიის მასტერკლასები.
გამოფენის მსვლელობისას დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ, ქართული ეროვნულ ცეკვებსა და სიმღერებს გაეცნონ. წელს შანხაის გამოფენაზე კულტურულ ღონისძიებებს ანსამბლი „რუსთავი“ გამართავს.
გამოფენის გახსნამდე, 25 მაისს საქართველოს სახელით სპეციალური გალამიღება გაიმართება, რომელსაც 700-მდე მაღალი რანგის სტუმარი დაესწრება. სტუმრებს საშუალება ექნებათ, დააგემოვნონ ქართული კერძები, გაეცნონ ქართული გასტრონომიის ისტორიას, კულტურასა და საქართველოს ტურისტულ მიმართულებას.




