მგონია, კასიანოვის განცხადება იმის საფუძველია, რომ საქართველოდან პირადად მისი ევაკუაცია მოხდეს მაშინ, როდესაც უკრაინელ დევნილებს ჩვენ საერთაშორისო ფინანსური დახმარების გარეშე მხარდაჭერასა და დახმარებას ვუჩენთ, – ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც უპასუხა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებას: „რუსების შედინების გამო საფრთხის არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა, საქართველოდან უკრაინელების ევაკუაცია განხორციელდეს“.
„საქართველოში ის მოცემულობა გვაქვს შექმნილი, რომ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მყოფი დევნილები საქართველოში ბრუნდებიან. რატომ? აქ ხვდებათ კეთილგანწყობა როგორც ხალხის, ასევე მთავრობის მხრიდან. ამის შემდეგ ენა რომ მოგიბრუნდება და ასეთ განცხადებას გააკეთებ, რას ნიშნავს? ეს განცხადება უკრაინელ დევნილებს რომ ვუთარგმნოთ, მგონი, კასიანოვი მათი მოქალაქეებისგან დასაცავი გახდება. საგარეო უწყებას მოვუწოდებ, აუხსნან მას, დიპლომატიის ანა-ბანა როგორი უნდა იყოს და როგორ უნდა ისაუბროს. განცდა მაქვს, არესტოვიჩი კასიანოვმა ჩაანაცვლა. ხომ იცით, იმან როგორ დაამთავრა? მთავრობიდან გააბუნძულეს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.