ყველა შესაბამისს პლატფორმას გამოვიყენებთ, იმისთვის, რომ დამნაშავეები იყვნენ დასჯილნი. რაც შეგვიძლია, მაქსიმალურს ვაკეთებთ, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარესთან და „ქართული ოცნების“ დეპუტატებთან ერთად კირბალში, მოკლული თამაზ გინტურის ოჯახში პანაშვიდზე იმყოფებოდა.

„ეს არის ტრაგედია, ოკუპანტების კიდევ ერთი ხელწერა. ბუნებრივია, ამას აქვს მხოლოდ ერთი პასუხი - ჩვენ, როგორც სხვა შემთხვევებში, ადეკვატური რეაგირება გვექნება. მიმდინარეობს გამოძიება. ყველა შესაბამისს პლატფორმას გამოვიყენებთ, იმისთვის, რომ დამნაშავეები იყვნენ დასჯილნი. რაც შეგვიძლია, მაქსიმალურს ვაკეთებთ. ოჯახს ვუსამძიმრებთ. ეს არასდროს არ უნდა განმეორდეს“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად დაიღუპა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დააკავეს ერთი ადამიანი.