ამ თემებზე რომ დარბიან, ამაში 65 000 დოლარი გადაიხადეს უკვე რეკლამაში "ხაბემ" და მეორე რომ ჰყავს, ჭიჭე ვაშაძე - ორივემ ერთად, ოფიციალურად. სოციალურ ქსელში რომ ამ თემით არიან დაკავებული, 65 000 დოლარი აქვთ გადახდილი და ესენი ახლა მოსახლეობაზე ზრუნავენ? - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ, "ნაციონალური მოძრაობის" ახალ სტრატეგიასთან დაკავშირებით, რომელიც პროდუქტების ფასების ზრდაზე აქცენტირებას გულისხმობს, გადაცემაში "იმედი LIVE" განაცხადა.
ზარქუას განცხადებით, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა ქვეყნისთვის ომის თავიდან ასარიდებლად, ბიძინა ივანიშვილი კი დღემდე არაოფიციალურად სანქცირებულია დასავლეთის მხრიდან, ვინაიდან ის არ დათანხმდა საქართველოს ომში ჩართვას. მისივე თქმით, მმართველი გუნდი ხალხის ნდობაში მაშინ დარწმუნდა, როდესაც მცდელობების მიუხედავად, საზოგადოება ოპოზიციას გვერდით არ დაუდგა.
"რაც შეეხება რეალობას, რასთან გვაქვს საქმე: ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ქვეყნისთვის აგვეცილებინა ომი, იცით პერიპეტიები, როგორი მცდელობა იყო, მათ შორის ჩვენი პარტიის ლიდერებიც შანტაჟის ქვეშ იყვნენ. ფაქტობრივად, სანქცირებულია ბატონი ივანიშვილი დასავლეთის მხრიდან, როდესაც მას უთხრეს, რომ იქნებ დაარწმუნო მთავრობა, რომ შეიყვანო ჯარი - ამაზე იყო საუბარი, არ მოაწერა ხელი და არც მოაწერდა. ის კაცი ვერ შეაშინეს 2012 წელს, ოჯახი დააყენა რისკის ქვეშ და ფულის სანქციის ქვეშ ამას ხომ ვერ გააკეთებინებდნენ და ჩვენ შევინარჩუნეთ, დავიცავით ეს ქვეყანა მთელმა პარტიამ, მთელმა ხელისუფლებამ. ხალხი გვენდო და ბოლომდე მოვედით. ჩვენ შევძელით 2012 წლის შემდეგ, გაგვენახევრებინა უმუშევრობა, მათ შორის გაგვენახევრებინა ზღვარს მიღმა სიღარიბე და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მოსახლეობა გვენდობა. ის რომ გვენდობა, დავრწმუნდით მაშინ, როდესაც ამ ხელმოცარულებს საზოგადოება შეჰყავდათ შეცდომაში და მაინც ბოლომდე გვენდო, მიუხედავად იმ რყევებისა, მიუხედავად მცდელობებისა. მოლოტოვის კოქტეილებით დასდევდნენ ჩვენს ძალოვნებს და ხალხი არ დაუდგათ გვერდით, იმიტომ რომ იციან, ვინ რას წარმოადგენს. კიდევ ერთხელ მადლობა მათ ნდობისთვის." - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
როგორც მან აღნიშნა, მმართველმა გუნდმა მოახერხა, 2012 წლის შემდეგ გაენახევრებინა უმუშევრობის და სიღარიბის მაჩვენებელი, თუმცა, გამოწვევები ისევ რჩება, რის დასაძლევადაც ხელისუფლება მუშაობს. რაც შეეხება ოპოზიციის ტაქტიკას, ზარქუას თქმით, საზოგადოება ყოველთვის ხვდება, ვინ იტყუება და ვინ მიმართავს წინასაარჩევნოდ პოპულიზმს.
„2012 წლის ფასებს ადარებენ 2024 წლის ფასებს. თითოეული ჩვენი მოქალაქე გრძნობს, ვინ ატყუებს და ვინ პოპულისტობს წინასაარჩევნოდ. ბუნებრივია, მომატებულია ფასები, მაგრამ როდესაც შენმა ქვეყანამ გამოიარა კოვიდი, რეგიონში ორი ომი, ბუნებრივია, ეს აისახა. 24%-იანი ინფლაცია ჰქონდა მათ შორის, ევროკავშირს, ჩვენ შევინარჩუნეთ 11%-მდე, დავიჭირეთ კბილებით. ჩვენ შევძელით, საგარეო ვალი შეგვემცირებინა და ეკონომიკური ზრდა გადავიყვანეთ იმ პლატფორმაზე, რომ ერთ-ერთი გამორჩეულია მსოფლიოში. ჩვენ შევძელით ხელფასების ზრდა. საშუალო ხელფასი 700 ლარი იყო მაგათ დროს 2012 წელს, დღეს არის 1700 ლარამდე. ბუნებრივია, არ არის საკმარისი, გამოწვევები, რა თქმა უნდა, არის. ზუსტად ვიცით, რომ ის 15% რომელიც ისევ სიღარიბეშია, პრობლემაა და ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს. წახალისება ეკონომიკის, ბიზნესის, მეტი სამუშაო ადგილის შექმნა - აქცენტირებული ვართ ამაზე.“ - განაცხადა ზარქუამ.