„ყველაფერი, რასაც საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე და, ზოგადად, განვითარების გზაზე მიაღწია ბოლო ათი წლის განმავლობაში, არის მხოლოდ და მხოლოდ  „ქართული ოცნების“ დამსახურება. სამწუხაროა, ამას რომ ვამბობ, მაგრამ არავითარი კონკრეტული წვლილი, გარდა ამ იეზუიტური პროპაგანდისა, საქართველოს წინსვლაში არ შეგიტანიათ“, - მიმართა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მან საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა, თუ რა მოხდა ამ ბოლო წელიწად ნახევრის განმავლობაში, როდესაც საქართველოს ჯერ საერთოდ აუხსნელი მიზეზების გამო არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი და შემდეგ, ოპოზიციის და მათი გარე მხარდამჭერების მხრიდან მთელი რიგი მცდელობების მიუხედავად, საქართველომ ევროკომისიისგან უკვე დამსახურებულად მიიღო კანდიდატის სტატუსზე რეკომენდაცია.
„ამან გარკვეულწილად დიდი შოკი გამოიწვია ჩვენს ოპოზიციაში, რომელმაც დღეს უკვე აღარ იცის როგორ მოახერხოს, როგორ მიიწეროს საქართველოს ეს წარმატება საკუთარ თავზე და რა ახალი პირობები დაუწესოს უკვე „ქართულ ოცნებას“ იმასთან დაკავშირებით, როგორც ეს აქამდე იყო კანდიდატის სტატუსის მიღება-არმიღებამდე. კიდევ ერთხელ მსურს გითხრათ, რომ ამ 9 დათქმას, თუ ამ 9 ნაბიჯს  ნუ გამოეკიდებით, იმიტომ რომ გაცილებით მეტი გვაქვს ჩვენ გასაკეთებელი როგორც ქვეყანას და გაცილებით მეტი გვაქვს  კიდევ გაკეთებული, ვიდრე მხოლოდ ის 12 რეკომენდაციაა“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, როდესაც საუბარია სამართლიანად არჩევნების ჩატარებაზე, რა თქმა უნდა, პირველ რიგში  ხელისუფლება არის სამართლიანად არჩევნების ჩატარებაზე პასუხისმგებელი.
„ჩვენს მიერ  ჩატარებულმა ყველა  არჩევნებმა დადებითი შეფასება დაიმსახურა ევროპელი თუ სხვა დამკვირვებლების მხრიდან. ასეც გავაგრძელებთ, მაგრამ ერთი რამეა რაც თქვენ გაქვთ გასაკეთებელი - ელემენტარულად საქართველოს კონსტიტუცია და კონსტიტუციური ინსტიტუტები უნდა აღიაროთ. მუდამ რევოლუციის და ქვეყნის კონსტიტუციური ორგანოების უგულებელყოფაზე კი არ უნდა გადიოდეს თქვენი რიტორიკა, თვალი უნდა გაახილოთ და მიხვდეთ, რომ ამ ქვეყანაში კონსტიტუციაა და ისეთი კანონები მოქმედებს, რომლებიც შესაბამისობაშია ევროპის ძალიან მაღალ სტანდარტებთან და ამის აღიარება მოგიწევთ თქვენ. ბოლოს და ბოლოს, ხომ ხედავთ რომ ამ „რუსული კანონით“ შორს ვეღარ მიდიხართ“, - განაცხადა ქადაგიშვილმა და ოპოზიციას მიმართა, რომ საკუთარი ქვეყნის წარმატება გაიზიარონ.
„მოგიწოდებთ, ფართოდ გაახილეთ თვალები, დაინახეთ საკუთარი ქვეყნის წარმატება და გახდით ამ წარმატების გამზიარებლები. მხოლოდ ამ შემთხვევაში გექნებათ წარმატება თქვენ გარკვეულ არჩევნებში, წინააღმდეგ შემთხვევაში, რაც არ უნდა ატრიალოთ „ნაციონალური მოძრაობის“ მანტრა“, „ლელო“ იქნებით თუ სხვა პარტია, „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის გადანაწილების იქით ვერ წახვალთ და შედეგი გექნებათ მძიმე, მაგრამ ის, რაც 2020 წლის შემდეგ აკეთეთ -  აღარ გამოგივათ“, - მიმართა ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციას.