საქართველო რეფორმების, დემოკრატიული განვითარების კუთხით, მათ შორის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლებით ყველა კანდიდატ ქვეყანაში ლიდერი ქვეყანაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„ჩვენ ვასრულებთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობასთან დაკავშირებით როგორც 12 რეკომენდაციას, ასევე ზოგადად ყველა იმ ვალდებულებას, რაც საქართველოს აქვს აღებული ასოცირების ხელშეკრულების, ღრმა და ყოვლისმომცველი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობებით. აგრეთვე, ვიზალიბერალიზაციის მიმართულებითაც რა მოთხოვნებიც არსებობს. გამომდინარე აქედან, შეიძლება ითქვას, რომ საქართველო, ჩვენ თუ გვერდზე გადავწევთ პოლიტიკურ სპეკულაციებს, ყველა კანდიდატ ქვეყანაში არის ლიდერი ქვეყანა რეფორმების, დემოკრატიული განვითარების კუთხით, მათ შორის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლებით“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
მისი თქმით, ევროსაბჭოს გადაწყვეტილებამდე ქვეყნდება სხვადასხვა შუალედური დასკვნები და შეფასებები დადებითი და პოზიტიურია.
„ვხედავთ, რომ წლის ბოლოსთვის, როდესაც ევროსაბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ქვეყნდება სხვადასხვა შუალედური დასკვნები, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით. ნოემბერში გამოქვეყნდება ამ 12 რეკომენდაციის მიმართულებით და ვხედავთ, რომ შეფასებები დადებითი და პოზიტიურია. აღნიშნული არის საქართველოს პროგრესი და რა თქმა უნდა, ყოველთვის არის საუბარი იმაზე, რა ნაბიჯებია გადასადგმელი შემდგომი პროგრესის გზაზე. ეს ჩვენთვის ნორმალური და მისაღები პრაქტიკაა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.