ხელისუფლება არალეგიტიმურია და არჩევნები გაყალბდაო, მაგრამ ერთი ფაქტიც ვერ დადეს. ამ ფონზე, ოპოზიციას თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ „გულდასწყვეტია, რომ ევროპარლამენტი აბსურდული რეზოლუციების სამჭედლოდ იქცა“.
„რეზოლუცია დახუნძლულია უკვე აბსურდად ქცეული განცხადებებით. სამწუხაროდ, ევროპარლამენტის ნაწილი იმ რეალობას ვერ ხედავს, რა რეალობაშიც საქართველო ცხოვრობს. ხედავენ, რომ ვერ ხერხდება საქართველოზე გავლენის მოხდენა, მათი პოლიტიკური სურვილების რეალიზაცია და ამ დროს თვითმმართველობის არჩევნები მოდის. ოპოზიცია ქვეყნის პოლიტიკური სისტემიდან ამოვარდნილია, ამიტომ ამ რეზოლუციით მორალურ-პოლიტიკური შუქი აუნთეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას და ოპოზიციას ამ მდგომარეობიდან გამოსვლის საშუალება მისცეს. დასაწყისში თქვეს, რომ ხელისუფლება არალეგიტიმურია და არჩევნები გაყალბდა, მაგრამ ამის დამადასტურებელი ერთი ფაქტიც ვერ დადეს. ამ ფონზე, ოპოზიციას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ. გულდასაწყვეტია, რომ ევროპარლამენტი აბსურდული რეზოლუციების სამჭედლოდ იქცა. ოპოზიციის ნაწილი შენარჩუნებული იქნება, როგორც ქუჩის ოპოზიცია. მეორე ნაწილს კი რეკომენდაცია ექნება, არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. ჩვენთვის არანაირი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ როგორ მოიმოქმედებს. ევროპარლამენტის რეზოლუციას გარკვეულ სუბიექტებზე ექნება გავლენა. მაგალითად, „ლელო“ აქამდე ოპოზიციურ ფლანგს ნელ-ნელა აპარებდა, არჩევნებში უნდა მივიღოთ მონაწილეობაო და დღეს რეზოლუციამ პოლიტიკურ-მორალური გზა გაუხსნა არჩევნებში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით. აღმოჩნდა, რომ მათი რიტორიკა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და შემდეგ განვითარებული მოვლენებიც მცდარი, ტყუილზე დამყარებული პოლიტიკური რიტორიკა იყო. რა თქმა უნდა, ამის შეცვლა მოუწევთ. როგორც ყველა გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება უჭირდათ, ამ გადაწყვეტილების მიღებაც უჭირდათ, ამიტომ, ეს რეზოლუცია წამოეხმარა და უთხრა, არჩევნებში მონაწილეობა მიიღეთო. ახლა იტყვიან, რომ ეს ევროპამ გვითხრაო. გამართლებას იმაშიც მოძებნიან, იქვე ხომ ჩაწერეს, ამ ხელისუფლების ლეგიტიმაციას არ ვცნობთო“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით ყოველწლიური ანგარიშის შესახებ პრესრელიზი გამოაქვეყნა. პრესრელიზის თანახმად, „ქართული ოცნებისთვის“ დემოკრატიული რეფორმებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსზე დაბრუნებისკენ მოწოდებასთან ერთად, ევროპარლამენტარები კიდევ ერთხელ ადასტურებენ სოლიდარობას ქართველი ხალხის და მათი ლეგიტიმური პროევროპული მისწრაფებების მიმართ.