ოპოზიციისთვის ფეიკი და პროპაგანდაა ნებისმიერი პრევენცია, რაც ქვეყანას ტერორიზმისა და არეულობის გამოწვევისგან დაიცავს, ამ ქვეყნისთვის კი ეს არის მშვიდობის შენარჩუნება და კონკრეტული ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ რადიკალური, აგრესიული პოლიტიკური მიმდინარეობები ამა თუ იმ ფორმით მათთვის არასასურველი პოლიტიკური ლიდერებისთვის ტყვიის სროლას არ ერიდებიან.

„ეს არ არის ეჭვები, ჩვენ ამ რეალობაში გვიწევს ცხოვრება. ეს საქართველოში დესტაბილიზაციის გამოწვევის პირველი შემთხვევა არ არის. მიზანი ქვეყანაში მასობრივი ისტერიის დანერგვა და ხელისუფლების უკანონოდ ხელში ჩაგდებაა. მიხეილ სააკაშვილის და თემურ ალასანიას სატელეფონო საუბარი მოვისმინეთ, როცა ამბობდნენ, რომ უნდა მოიძებნოს ერთი კაცი, ვინც ესვრის და შუბლს გაუხვრეტს. ანუ, საუბარი იყო იმავე სცენარზე, რაც ტრამპის მიმართ განხორციელდა. ასევე, გვახსოვს ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შეკვეთილი მკვლელობის აღკვეთა. ეს შეკვეთილი მკვლელობა და ტერორისტული აქტი იყო. ტერორისტული თავდასხმის კონტექსტში უნდა ყოფილიყო ის, რომ გიორგი გაბუნიამ პუტინს აგინა, ამის გამო კი პუტინმა მკვლელობა შეუკვეთა და ქვეყანაში ახალი ისტერია უნდა დაწყებულიყო. ასეთი ორეტაპიანი სვლები საკმარისია, რათა ქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოიწვიო.

ახლა არის კონკრეტული გამოძიება, რომელსაც ალბათ კონკრეტული მტკიცებულებები და ოპერატიული მასალა გააჩნია. სამწუხაროა, რომ რადიკალური, აგრესიულ პოლიტიკური მიმდინარეობები ამა თუ იმ ფორმით მათთვის არასასურველი პოლიტიკური ლიდერებისთვის ტყვიის სროლას არ ერიდებიან. ძალიან სამწუხაროა, რომ უკრაინა არის საქართველოს წინააღმდეგ ათასგვარი პროვოკაციის დამგეგმავების არა თუ შემფარებელი, არამედ მათთვის სახელმწიფო იმუნიტეტისა და მაღალი თანამდებობების მიმცემი“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, სუს-ი როდესაც ხედავს, რომ გარკვეული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის წინაპირობები არსებობს, ის პრევენციულ ღონისძიებებს ახორციელებს, რათა ამით ქვეყანაში დესტაბილიზაცია და ტერორისტული აქტები აღიკვეთოს.

„საკმარისი მტკიცებულებები გროვდება და დანაშაულის მომზადების ეტაპზე გახსნა ხდება, საბოლოო სამართლებრივ მიზნამდე მისვლა ხორციელდება. რა თქმა უნდა, ოპოზიციისთვის ფეიკი და პროპაგანდაა ნებისმიერი პრევენცია, რაც ქვეყანას ტერორიზმისა და არეულობის გამოწვევისგან დაიცავს. ამ ქვეყნისთვის კი ეს არის მშვიდობის შენარჩუნება და კონკრეტული ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

სუსმა გამოძიებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც დაადასტურა, რომ იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს.