ხაზარაძე-ჯაფარიძეს ინვესტორობით მოაქვთ თავი და პირველი განგაში მათ ატეხეს. EMAAR ჯგუფთან გაფორმებული ხელშეკრულებით ისეთი ინვესტიციაა, რომლის მსგავსიც საქართველოში არ ყოფილა. ეს ნიშნავს ეკონომიკის მნიშვნელოვნად წინ წაწევას ნიშნავს, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის იმ განცხადებას, სადაც ის აღნიშნავს: „ჩვენ მოვითხოვეთ, რომ ხელშეკრულება გასაჯაროვდეს. ამ პროექტს აუცილებლად გავაჩერებთ, საზოგადოება გააჩერებს, რადგან ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება“.
„ისტერია ატყდა. ხაზარაძე-ჯაფარიძეს ინვესტორობით მოაქვთ თავი და მათ პირველი განგაში ატეხეს. სახლებს რომ აშენებენ თბილისსა და აჭარაში, იქაც ხომ თავისუფალი გაყიდვაა? – სახლის ყიდვა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ნებისმიერი ქვეყნიდან ჩამოსულს და მაშინ არ არის საშიშროება? – ისეთი ინვესტიციაა, რომლის მსგავსიც საქართველოში არ ყოფილა. ეს ადამიანები ყველაფერს გააკეთებენ და სხვებიც უცხოეთიდან ხელს შეუწყობენ, რომ რამენაირად პროექტი ჩააგდონ, რადგან ეს ინვესტიცია ეკონომიკის მნიშვნელოვნად წინ წაწევას ნიშნავს. შეიძლება, დამატებით ორპროცენტიანი ეკონომიკური ზრდა გამოიწვიოს. ვამბობთ, გვინდა, ჰაბი გავხდეთ. როგორ უნდა გავხდეთ, მხოლოდ ძველი თბილისის უბნებით და ვაკეში აშენებული სახლების მეშვეობით? როგორია თანამედროვე ქალაქები დუბაიში ან სხვა ქვეყანაში? – შესაბამისი ინფრასტრუქტურა უნდა შეიქმნას, ისე არ ხდება. ბევრისთვის განვითარება მიუღებელია. ქსენოფობიის ბევრი მაგალითი ვიხილეთ – როცა „დირსი“ აშენებდა, აზერბაიჯანიზაციის პროექტიაო, „ჰუალინგის“ დროს ჩინეთიზაციის ისტერია იყო, ომის დროს რუსები, უკრაინელები როცა ჩამოვიდნენ, საქართველოს გარუსება ხდებაო, ფსიქოზი დანერგეს. ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ საქართველო რამენაირად დაზიანდეს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.








