პოლიტიკის ანალიტიკოსი, ირაკლი მელაშვილი, ოპოზიციას რიტორიკის შეცვლას ურჩევს და აცხადებს, რომ დაბალი რეიტინგი, რომელიც აშშ-ის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გამოკითხვით გამოიკვეთა, მათივე არასწორი აქცენტების შედეგია.
ირაკლი მელაშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის გადაცემა „მთავარი აჭარაში“ პირდაპირი ჩართვისას, „ქართული ოცნებისა“ და მთავრობის მკვეთრად განსხვავებულ რეიტინგებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის საპარლამენტო წარმომადგენლობამ მიდგომები უნდა შეცვალოს.
„19% აქვს ამ გამოკითხვის შედეგად „ქართულ ოცნებას“ და 54% აქვს მთავრობას, რომელიც „ქართული ოცნების“ მთავრობაა. მოსახლეობის დიდი ნაწილი, ფაქტობრივად მთავრობის საქმიანობასაც არ აიგივებს პოლიტიკურ პარტიასთან და ეს ძალიან დამაფიქრებელია თავად მმართველი პარტიისათვის, ჩემი აზრით და ამან გარკვეული დასკვნები უნდა გააკეთებინოს მის საპარლამენტო წარმომადგენლობას. პარტიის რეიტინგი, ძირითადად განისაზღვრება მათი საპარლამენტო საქმიანობით, რასაც მოსახლეობა უყურებს. ის, რომ საპარლამენტო ჯგუფს სამჯერ დაბალი რეიტინგი აქვს, ვიდრე მთავრობას, ეს მიუთითებს იმაზე, რომ თვითონ საპარლამენტო წარმომადგენლობამაც, რაღაც უნდა შეცვალოს.
საერთოდ სასწაული ხდება ჩემი აზრით საქართველოში, 11 წელია ქართულ ოპოზიციურ სპექტრს აქვს რიტორიკა, რომ ხელისუფლებაში არიან რუსები, პუტინის მონები, ბიძინას ზებრები და ა.შ და 11 წელია, ამით ვერაფერი ვერ დააკლეს „ქართულ ოცნებას და გაინადგურეს საკუთარი რეიტინგი. მიუხედავად ამისა, ერთი და იგივეს აგრძელებენ, არც ტაქტიკა იცვლება“,-აცხადებს, ანალიტიკოსი.
ცნობისთვის, აშშ-ის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტუტის (NDI) გამოკითხვის შედეგებით, გამოკითხულთა 54% მთავრობის საქმიანობას დადებითად აფასებს, რაც წინა გამოკითხვასთან შედარებით 10 პროცენტული პუნქტით მეტია.პარტიების ინდივიდუალურად შეფასების თხოვნაზე, 19%-მა მმართველი პარტია „ქართულ ოცნება“ დაასახელა როგორც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომი პარტია.