„2024 წელს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს სწორი შინაარსით, სწორი ფორმულირებით და გადანაწილებით ძალაუფლების, სადაც დაზღვეული იქნება შიში ადამიანებისა წინა ხელისუფლების შეცდომებისა და დანაშაულების მიმართ,“ - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„მე ვეთანხმები ძველ გიორგი ვაშაძეს, რომელიც ამბობდა, რომ ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის გამარჯვებული ცნობილია და დრომ გამოავლინა. ეს ნიშნავს, რომ პოლარიზება, რომელიც შექმნილია ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის პროპაგანდის, წინა ხელისუფლების შეცდომები, დანაშაულობები, ეს მომგებიან პოზიციაში აყენებდა „ქართულ ოცნებას". რა არის მაშინ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვების გამოსავალი - "ქართული ოცნება" მტკიცებით ფორმაში ემსახურება რუსეთის ინტერესებს ჩვენს ქვეყანაში. გამოსავალი არის, რომ ხელისუფლება შეიცვალოს და ვისით უნდა შეიცვალოს - უნდა შეიცვალოს კოალიციური უმრავლესობით, რომელიც მოემსახურება საზოგადოების ინტერესებს. "ლელო" ამბობს, რომ დღეს ივანიშვილის დამარცხების ფორმულა არის ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის შექმნა - ენმ-სა და "ქართული ოცნების" გარეშე, ესენი ისედაც პოლუსები არიან, ამ ცენტრს აქვს შესაძლებლობა, რომ ეს შიში გააქროს,“ - ამბობს ირაკლი კუპრაძე.