„ქართული ოცნების“ სპიკერის, შალვა პაპუაშვილის განცხადება, თითქოს 2022 წელს „ლელოს“ წარმომადგენლები მას ქართველი მოხალისეების უკრაინაში საბრძოლველად გაგზავნას მოუწოდებდნენ, არის ამ პირის მიერ გავრცელებული კიდევ ერთი ტყუილი და ცილისწამება, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, „ძლიერ საქართველო – ლელოს“ არასდროს მოუთხოვია ქართველი მებრძოლებისთვის უკრაინაში წასასვლელად სპეციალური რეისის დანიშვნა და მით უმეტეს, ამ გზით უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში ჩართვა.

„კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ პაპუაშვილმა ან ამ ცილისწამების დამადასტურებელ მტკიცებულებები წარმოადგინოს (რაც ბუნებაში ვერ იარსებებს), ან თავადვე უარყოს მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია და საჯაროდ მოიხადოს ბოდიში მიზანმიმართული ტყუილისთვის. საზოგადოდ, რეჟიმის პროპაგანდისტად ქცეული პაპუაშვილისგან ტყუილი და ცილისწამება არც პირველია და არც გასაკვირი, თუმცა, იმ დროს, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს, მსგავსი შინაარსის პროპაგანდისტული ტყუილის გავრცელება, არის მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან სასამართლოზე პოლიტიკური ზეწოლის მცდელობა, რადგან „ქართული ოცნება“ ხედავს, რომ მიმდინარე სასამართლო განხილვებზე ეს პარტია და მისი წარმომადგენლები უკიდურესად სუსტად გამოიყურებიან“, – წერს ირაკლი კუპრაძე.

შეგახსენებთ: პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა:„2022 წელს, უკრაინაში ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეა გასული, პარლამენტის წინ რადიკალური ოპოზიცია მიტინგებს მართავს და უკრაინაში მებრძოლების გაგზავნას და რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს. „ლელოს“ მაშინდელმა საპარლამენტო შემადგენლობამ ჩემთან შეხვედრა ითხოვა. ახლაც მახსოვს, როგორ ვუყურებდი მაგიდის გადასწვრივ მსხდომ „ლელოს“ პარლამენტიორებს, რომლებიც რუსთაველიდან შემოსულ შეძახილებზე მითითებით მომიწოდებდნენ, მოთხოვნები გაგვეთვალისწინებინა – უკრაინაში საბრძოლველად მოხალისეები გაგვეგზავნა და რუსეთისთვის სანქციები დაგვეწესებინა“.