პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, გასულ წელს უკრაინას და მოლდოვას მიენიჭათ კანდიდატის სტატუსი, თუმცა ეს არ გამხდარა საფუძველი იმისა, რომ მაშინ საქართველოსაც მინიჭებოდა სტატუსი, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ორივე ქვეყანასთან შედარებით, შარშანაც ბევრად წინ იყო.
მისი თქმით, აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ხელოვნურია საქართველოს საკითხის დაკავშირება იმ მოლაპარაკებებთან, რომლებიც უკრაინის საკითხის გარშემო წარიმართება.
„შევხვდით პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, ბატონ ანოშ ლატორცეის, ვისაუბრეთ ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზე, პარლამენტებს შორის თანამშრომლობაზე. ბუნებრივია, საუბარი შეეხო კანდიდატის სტატუსის თემას. აქაც მივიღეთ ძალიან მყარი პირობა, რომ უნგრეთი მხარს დაუჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია უნგრეთის მხრიდან ეს მხარდაჭერა. ჩვენ საბოლოო ჯამში დარწმუნებული ვართ, რომ 14-15 დეკემბერს დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული საქართველოს სასარგებლოდ. უნგრეთის პოზიცია არის, რომ ეს არის ერთადერთი უალტერნატივო გადაწყვეტილება, რომელიც უნდა იყოს მიღებული საქართველოს სასარგებლოდ ევროპული საბჭოს სხდომაზე და უნგრეთი იქნება ძალიან მყარი მხარდამჭერი. რა თქმა უნდა, წარიმართება მოლაპარაკებები ევროკავშირსა და უნგრეთს შორის, ეს არის ევროკავშირისა და უნგრეთის საკითხი, ჩვენ ამაში ვერ ჩავერევით. ბუნებრივია, ამ მოლაპარაკებებმა არავითარი გავლენა არ უნდა მოახდინოს საქართველოს საკითხზე. მით უმეტეს, რომ საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის პირდაპირ დაკავშირება ამ მიმართულებით არ არის სწორი. გახსოვთ, შარშან უკრაინას და მოლდოვას მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ეს არ გამხდარა საფუძველი იმისთვის, რომ საქართველოსაც მინიჭებოდა სტატუსი, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო იყო ბევრად წინ ორივე ქვეყანასთან შედარებით, შარშანაც, ისევე როგორც წელს. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ხელოვნურია საქართველოს საკითხის დაკავშირება იმ მოლაპარაკებებთან, რომლებიც წარიმართება უკრაინის საკითხის გარშემო. ყველა შემთხვევაში, ასეც და ისეც, საქართველოს უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი და ჩვენ ვფიქრობთ, რომ სწორედ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული 14-15 დეკემბერს ევროპული საბჭოს სხდომაზე. გვაქვს რწმენა, რომ 14-15 დეკემბერს მივიღებთ დადებით გადაწყვეტილებას. დისკუსიები, რომლებიც იმართება უნგრეთში ჩვენს პარტნიორებთან, კოლეგებთან, ბუნებრივია, გვიმყარებს ამ რწმენას. ყველანაირი საფუძველი არსებობს, რომ ევროპულმა საბჭომ მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება საქართველოსთან დაკავშირებით. რაც შეეხება ტრიოს საკითხს, ჩვენთვის ბუნებრივია, მნიშვნელოვანია ჩვენი საკითხი, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუს და იმედი გვაქვს, რომ საქართველოს საბოლოოდ მიენიჭება კანდიდატის სტატუსი. ჩვენ ვგულშემატკივრობთ ასევე უკრაინას, მოლდოვას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი წინსვლაც, თუმცა მთავარი არის საქართველოს საკითხი, საქართველოს მხარდაჭერა ევროინტეგრაციის გზაზე. იმედი გვაქვს, რომ ეს მხარდაჭერა იქნება. ჩვენ ვგულშემატკივრობთ ასევე უკრაინას და მოლდოვას ევროინტეგრაციის გზაზე“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.