დღეს სოროსის ფონდში გაიმართა უცხოელი აგენტების თავყრილობა, მათ გამოაქვეყნეს საკუთარი დასკვნა იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი პუნქტი შესრულდა, რომელი არ შესრულდა და რომელი ნაწილობრივ შესრულდა. წარმოიდგინეთ, სახალხო დამცველზე მოთხოვნა იყო არჩევა, ავირჩიეთ და უწერიათ, რომ ეს პუნქტი ნაწილობრივ შესრულდა, აბსურდია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
„ნაწილობრივ შესრულდა რას ნიშნავს, ანუ შესრულებაზე ვინ არის პასუხისმგებელი დადებითი კუთხით და ნაწილობრივზე ვინ არის პასუხისმგებელი უარყოფითი კუთხით – ვინც ხმა მისცა ლევან იოსელიანს, ის არის პასუხისმგებელი ნაწილობრივზე, თუ ვინც ხმა მისცა ლევან იოსელიანს, ის არის დადებითი კუთხით პასუხისმგებელი არჩევაზე, ანუ პუნქტის შესრულებაზე? სიტყვაზე, ხათუნა სამნიძემ მხარი დაუჭირა ლევან იოსელიანს, ხათუნა სამნიძის ბრალია ნაწილობრივ შესრულება, თუ ეს არის ხატია დეკანოიძის ბრალი, რომელმაც მხარი არ დაუჭირა ლევან იოსელიანს? ამაზე პასუხი არსებობს? მე მგონია, რომ არ არსებობს, რატომ, იმიტომ, რომ აბსურდია თვითონ ამის მოთხოვნაც, ანუ, ერთ-ერთ პუნქტად მოთხოვნა იმისა, რომ უნდა აირჩიო თანამდებობის პირი 90 ხმით, ცოტა პრობლემური იყო ჩემი აზრით, რადგან 90 ხმა არის საჭირო, როგორ უნდა აგვეღო ჩვენ პასუხისმგებლობა, იგივე ვითარებაა იუსტიციის საბჭოსთან დაკავშირებით. აქ სირთულე ის არის, რომ დეპუტატებს არავის არც უნდა საბჭოში გადასვლა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.