პირველ რიგში, სინანული მინდა გამოვხატო იმასთან დაკავშირებით, რომ დათო ჯელაძეს გული ვატკინე. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დასანანი, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე  ირაკლი კობახიძემ შოვში, სტიქიის ზონაში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სტიქიას გადარჩენილ ჯელაძესთან სატელეფონო საუბარი და შემდეგ პირადი შეხვედრაც ჰქონდა.

„პირველ რიგში მინდა ჩემი ადამიანური შთაბეჭდილება გაგიზიაროთ. დათო არის გულიანი ვაჟკაცი , რაჭველი კაცი. მან დეტალურად გაიხსენა ის ისტორია, რომელიც მას გადახდა. წარმოუდგენელი, საოცარი ისტორიაა. რეალურად მან ყველაფერი გააკეთა, იმისთვის, რომ მისი დისშვილი გაეყვანა მაქსიმალურად უსაფრთხო ტერიტორიაზე. თავის თავს აჯობა ისეთი გზა აქვს გამოვლილი.

მინდა განვმარტო რაზე იყო საუბარი. იყო ბრიფინგი, რომელზეც ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მაჩვენა ფოტო, რომელიც პირველად ვნახე ბრიფინგის დროს. იცით, რომ ძალიან ხშირად ვრცელდება სოციალურ მედიაში სრულიად ყალბი ფოტოები. მე არც ვიცოდი ვის მიერ იყო ეს ფოტო დადებული და ზუსტად რა იყო ასახული ამ ფოტოზე. აქედან გამომდინარე, კითხვა დავსვი იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად შეესაბამებოდა სინამდვილეს თვითონ ეს ფოტო და იქ აღწერილი მოცემულობა.

რა თქმა უნდა, ამის შემდეგ გავერკვიე ყველაფერში - რომ ეს ფოტო დათოს მიერ იყო დადებული და ასევე გავიმეორებ, რომ მან პირადად მე დეტალურად მომიყვა ისტორია იმასთან დაკავშირებით თუ რა გადახდა.

მთავარი არის, რომ ის ძალიან მძიმე ვითარებიდან გამოვიდა. გადარჩა ის, გადარჩა მისი დისშვილი, გადარჩა მისი ოჯახი და ამაში არის მისი ძალიან დიდი დამსახურება და იმ გზის, რომელიც მან გამოიარა თავის დისშვილთან ერთად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.