თემურ ალასანიას დისშვილმა სცადა ერთხელ ომის გზით ტერიტორიების დაბრუნება და მოგეხსენებათ, რაც მოიტანა ამ ყველაფერმა ჩვენი ქვეყნისთვის, ეს იყო ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია, აფხაზეთის ოკუპაცია, სამაჩაბლოს ოკუპაცია, ჩვენ არ გვინდა ალასანიას და მისი დისშვილის გამოცდილების გამეორება, ეს წარმოუდგენელია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, თემურ ალასანია, მიხეილ სააკაშვილი და სხვები გაღიზიანებული არიან იმ პოლიტიკით, რომელიც მმართველ პარტიას აქვს.

„საკუთარი ცოდვები აწუხებთ და უნდათ საქართველოში იმ უბედურების გამეორება, რაც 2008 წელს ვიხილეთ ჩვენს ქვეყანაში. ამას ვერ ეღირსება ვერც თემურ ალასანია, ვერც მისი დისშვილი. ამ ადამიანებს ენატრებათ ის დრო, როდესაც სააკაშვილი ავტორიტარული მეთოდებით მართავდა ქვეყანას, როცა ის იყო დიქტატორი ამ ქვეყანაში და აქედან გამომდინარე, იმ ნოსტალგიის გამოძახილია ის განცხადებები, რომლებიც კეთდება ალასანიას მხრიდან. საქართველოს უნდა ჰქონდეს მშვიდობა და უნდა ჰქონდეს დემოკრატია, ეს არის ჩვენი სულისკვეთება, ჩვენი პოლიტიკა, განსხვავებით ამ რეჟიმის ლიდერების პოლიტიკისგან. პერიოდულად მათ აქვთ ხოლმე წამოცდენები და საზოგადოებას აძლევენ ხოლმე აღიარებით ჩვენებას, ეს იყო მორიგი წამოცდენა, რაც ჰქონდა თემურ ალასანიას. მათი სურვილი, მიზანი არის რადიკალიზმის, პოლარიზაციის გაღვივება, ადამიანების ერთმანეთთან დაპირისპირება, ეს უბრალოდ წამოსცდა, თორემ ამას ხომ აკეთებენ ისინი მთელი ამ წლების განმავლობაში. რასაც აკეთებენ მთელი ეს წლები, ამ რეჟიმის და ამ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები, ის უბრალოდ წამოსცდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.