იმ პირობებში, როდესაც ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობებიც კი არ გვაქვს რუსეთთან, ევროპელი ბიუროკრატები ახერხებდნენ ჩვენი მთავრობის რუსულ მთავრობად გამოცხადებას და ეს არის, რა თქმა უნდა, ორმაგი სტანდარტი. ახლა ისინი თავად ხედავენ, რომ სჭირდებათ კომუნიკაციის დამყარება რუსეთის ხელისუფლებასთან, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც რუსეთთან მოლაპარაკებისთვის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნაზე ევროკავშირის გეგმასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას შეეხებოდა.
პრემიერის შეფასებით, როდესაც საქმე ეხება ევროპული ბიუროკრატიის მიდგომებს, ყველგან ჩანს ორმაგი სტანდარტები.
„ზოგადად, ჩვენ ყველგან ვხედავთ ორმაგ სტანდარტებს ევროკავშირის პოლიტიკაში, რაც ძალიან სამწუხაროა. თქვენ გახსოვთ რეაქციები საქართველოსთან მიმართებით, იმ პირობებში, როდესაც ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობებიც კი არ გვაქვს რუსეთთან, ეს ადამიანები, ევროპელი ბიუროკრატები ახერხებდნენ ჩვენი მთავრობის რუსულ მთავრობად გამოცხადებას და ა.შ. ეს არის, რა თქმა უნდა, ორმაგი სტანდარტი. ახლა ისინი თავად ხედავენ, რომ სჭირდებათ კომუნიკაციის დამყარება რუსეთის ხელისუფლებასთან. რა თქმა უნდა, ამაზე თავისი გავლენა იქონია იმ პროცესებმა, რომლებიც წარიმართა აშშ-ში. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ყველგან ვხედავთ ორმაგ სტანდარტებს, როდესაც საქმე ეხება ევროპული ბიუროკრატიის მიდგომებს“, – განაცხადა პრემიერმა.
„პოლიტიკომ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკავშირი რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას გეგმავს, სახელდება მარიო დრაგისა და ალექსანდრ სტუბის კანდიდატურები.








