პოლარიზაციას აღვივებს არა იმპიჩმენტის პროცედურა, არამედ საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევა, საზოგადოება ამასთან დაკავშირებითაც თავის დასკვნებს გამოიტანს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მესტიაში განუცხადა, სადაც მმართველი გუნდი რეგიონულ კონფერენციას მართავს.

მისი თქმით, დეპოლარიზაციის შესრულება არის ყველაზე რთული ამოცანა, რადგან ეს არ არის დამოკიდებული „ქართულ ოცნებაზე“.

„დეპოლარიზაცია, რა თქმა უნდა, არის ყველაზე რთული ამოცანა. ამ ამოცანის შესრულება არ არის დამოკიდებული „ქართულ ოცნებაზე“, ხელისუფლებაზე, იცით, რომ ხანგრძლივი ისტორია აქვს ამ ყველაფერს. მთავარი ძალა, ვინც საქართველოში აღვივებს პოლარიზაციას, ეს არის უცხოური აგენტურა. ეს შეიძლება, ძალიან თამამად ითქვას. ვიდრე უცხოური აგენტურა ამ ამოცანით მოქმედებს საქართველოში, პოლარიზაცია ყოველთვის იქნება. ვგულისხმობ შესაბამის პოლიტიკურ პარტიებს, მათთან დაკავშირებულ ენჯეოებს, მედიასაშუალებებს, ისინი სრულიად შეგნებულად და ხელოვნურად აღვივებენ ამ ქვეყანაში პოლარიზაციას, ეს არის ერთ-ერთი მთავარი დავალება, რასაც ისინი იღებენ მათი პატრონებისგან, რაც შეეხება ამ კონტექსტში იმპიჩმენტზე საუბარს, მინდა გითხრათ, რომ პოლარიზაციას აღვივებს არა იმპიჩმენტის პროცედურა, არამედ საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევა. შესაბამისად, საზოგადოება ამასთან დაკავშირებითაც თავის დასკვნებს გამოიტანს. იმპიჩმენტი არა, არამედ კონსტიტუციის უხეში დარღვევა არის მაპოლარიზებელი ფაქტორი ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.