ნარკოტიკები რომ ავიღოთ, მარტო იმდენი რეალიზატორია დაკავებული მხოლოდ ამ რამდენიმე თვის განმავლობაში, რომ ეს სტატისტიკა უტყუარად მეტყველებს სახელმწიფოს ძალიან მტკიცე ნებაზე, ებრძოლოს ნარკოტიკულ დანაშაულს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ნარკოტიკების მოხმარების კუთხით ქვეყანაში იყო ძალიან რთული მდგომარეობა.

„უხეში სტატისტიკით, იყო უაღრესად მაღალი მაჩვენებელი ნარკოტიკების მოხმარების კუთხით შესაბამისად, უბრალოდ აუცილებელი იყო ძალიან სწრაფი რეაგირება ამ პრობლემაზე და აქ, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრს ეკუთვნის განსაკუთრებული მადლობა. ზუსტად ამ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც გეკა გელაძე დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრად, მიღებულ იქნა რეალურად გადამჭრელი ზომები ნარკოტიკული დანაშაულის  წინააღმდეგ. პრინციპული ცვლილება გვაქვს უკვე, მათ შორის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. ხელმისაწვდომობა სერიოზულად არის შემცირებული, რაც, ბუნებრივია, მოხმარებას თავისთავად ამცირებს. ძალიან დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები იქნა გამოვლენილი სახელმწიფო საზღვარზე. საუბარია ასეულობით მილიონი ლარის ღირებულების ლარის ნარკოტიკებზე, რომელიც მათ შორის განკუთვნილი იყო არა მარტო ტრანზიტისთვის, არამედ საქართველოში რეალიზაციისთვის. რამდენიმე ასეული რეალიზატორია დაკავებული, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ სახელმწიფოს აქვს პრინციპული ნება, ებრძოლოს ამ კატეგორიის დანაშაულს. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში შედეგებზე აისახება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, მათი მთავარი ამოცანაა, შეამცირონ ნარკოტიკებზე დამოკიდებულება საზოგადოებაში.

„ჩვენ გვქონდა ძალიან ღრმა ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ კერძო სუბიექტები შესაბამის პრივილეგიას იყენებდნენ რეალურად ნარკოტიკების ლეგალურად რეალიზაციისთვის. შესაბამისად, მთლიანად ჩაიკეტა ეს პრაქტიკა, რაც უკვე შედეგებზეც აისახა. მაგალითად, კონკრეტული ფსიქოტროპული მედიკამენტების ფასები არის შემცირებული 12-ჯერაც კი. რაღაც ღირდა 1000 ლარზე მეტი და დღეს, მაგალითად, იგივე მედიკამენტი ღირს 80 ლარი. ცხადია, რომ ღრმავდება ეჭვი არასათანადო დანიშნულებით ამ მედიკამენტების გამოყენებასთან დაკავშირებით. ყველა მიმართულებით პრინციპული ზომები მივიღეთ. საზღვრების დამატებით აღჭურვა ხდება იმისთვის, რომ კიდევ უფრო გამკაცრდეს საზღვრების კონტროლი ნარკოტიკების კუთხით. შესაბამისად, ისეთი ზომებია მიღებული, რომ ჩვენ გვაქვს ღრმა რწმენა საბოლოო ჯამში სტატისტიკის თვისებრივად შემცირებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.