ის, რომ „ნაცმოძრაობა“ პირველ რიგში მორალური კუთხით იმსახურებს გასამართლებას, ჩემთვის, რა თქმა უნდა, არავითარ შემთხვევაში ეჭვქვეშ არ დგას, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ხალხის ძალის“ ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ამ დანაშაულების გათვალისწინებით, „ნაცმოძრაობასა“ და მის სატელიტებთან ერთად ეკუთვნის მორალური თვალსაზრისით გასამართლება.
„არის თუ არა აუცილებელი დღეს ამაზე საუბარი? ჩვენს კოლეგებს მიაჩნიათ, რომ არის. არ ვიცი, შეიძლება ეს იყოს სამსჯელო. მთავარი არის ის, რომ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ უნდა გამოუტანოს განაჩენი ამ პოლიტიკურ ძალას 2024 წლის არჩევნებზე და, დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება.
ზოგადად, ერთი პრობლემა რაც არის - ჩვენ ვტრიალებთ ჩაკეტილ წრეზე, რასაც „პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეს“ ეძახიან, მაგრამ სინამდვილეში ეს არის რადიკალიზმისა და ანტისისტემურობის ჩაკეტილი წრე, რასაც ყოველდღიურად ვხედავთ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. უბრალოდ არ დაასვენეს ეს ქვეყანა. ჯერ 9 წელი, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში და ახლა უკვე მე-12 წელია, როცა არიან ოპოზიციაში. მოსვენებას არ აძლევენ ბოლომდე ქვეყანას და ეს, რა თქმა უნდა, აისახება დიდწილად მათ შორის ეკონომიკურ განვითარებაზე, სხვადასხვა ფაქტორზე.
შესაბამისად, არა მარტო მორალური თვალსაზრისით, პრაქტიკული თვალსაზრისითაც აქვს ახსნა ამ მოთხოვნას, რომელიც ჩვენი კოლეგების მხრიდან მოვისმინეთ. მაგრამ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ - იმ პირობებში, როდესაც „ნაცმოძრაობა“ თვითონვე მიექანება საარჩევნო ფიასკოსკენ (შეიძლება, მაქსიმუმ 30-35 მანდატი მიიღონ შემდეგი საპარლამენტო არჩევნების საფუძველზე), არის თუ არა აუცილებელი ამ თემის წინ წამოწევა, ამაზე შეიძლება ვიმსჯელოთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.