ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი პოზიციები, 60%-მდეა ჩვენი რეიტინგი, მთავარია, შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო გავაძლიეროთ ეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითიც ნიკა გვარამიას მიერ ახალი პარტიის შექმნის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

მისი  თქმით, გვარამიას მიერ ახალი პარტიის შექმნა შიდა გადათამაშებაა.

„ეს არის შიდა თამაშები, შიდა გადათამაშება. ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი პოზიციები წინასაარჩევნოდ, 60%-მდეა ჩვენი რეიტინგი. მთავარია, შევინარჩუნოთ, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი პოზიციები, რაც არის აუცილებელი, რათა გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობის“ შესახებ დასმულ კითხვას, ირაკლი კობახიძის თქმით, საკადრო გადაწყვეტილებები შიდა პარტიული საქმეა.

„ჩემთვის არ არის ეს საინტერესო. თვითონ შეუძლიათ, პარტიის შიგნით მიიღონ საკადრო გადაწყვეტილებები. ამით მათ რესურსი ვერ შეემატებათ. ეს არის აბსოლუტურად მათი შიდა პარტიული საქმე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.