შევხვდით ჩინეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილეს, განვიხილეთ ყველა საკითხი, რომელიც უკავშირდება ჩინეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჩინეთში განაცხადა.
მისი თქმით, ჩინეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილესთან ეკონომიკური საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს.
„საუბარი შეეხო სხვადასხვა სფეროს, უშუალოდ ვაჭრობას სხვადასხვა მიმართულებით, ასევე საუბარი შეეხო ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობას. ასევე, შევეხეთ პრაქტიკულად ეკონომიკის ყველა სფეროს. გვქონდა ძალიან დეტალური, პროდუქტიული განხილვა და მადლობა ამისთვის ჩინეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილეს“, – განაცხადა კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მმართველი პარტიის დელეგაცია ჩინეთში ვიზიტით იმყოფება. მმართველი პარტიის დელეგაციის შემადგენლობაში შედიან – პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვიქტორ სანიკიძე.