ჩვენთვის ძალიან დასანანია უსამართლო შეფასებები და განცხადებები, რაც ხშირად ისმის ხოლმე ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან საქართველოს მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრეთის პრემიერ-მინისტთან, ვიქტორ ორბანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს ჰკითხა, „რა პოზიცია აქვს იმასთან დაკავშირებით, როდესაც სუვერენული საქართველოს მისამართით ხშირად ვისმენთ დასავლეთიდან კრიტიკას“, რაზეც კობახიძემ აღნიშნა, რომ „საქართველოს სახელმწიფოებრივ სუვერენიტეტს სათანადოდ არ სცემენ პატივს“.
„გარდა უსამართლო განცხადებებისა, ხშირად არის არასწორი პრაქტიკა, მათ შორის დაფინანსების. არაერთხელ ვიხილეთ ექსტრემიზმის დაფინანსების პრაქტიკაც ისეთი ინსტიტუციების მხრიდან, რომელიც დაკავშირებული არიან ევროპულ ბიუროკრატიასთან. ჩვენ ვიხილეთ საპარლამენტო არჩევნების წინ, საარჩევნო პროცესებში ჩარევის პირდაპირი პრეცედენტები. ზოგადად ვხედავთ, რომ სათანადოდ არ სცემენ პატივს საქართველოს სახელმწიფოებრივ სუვერენიტეტს, რაც ჩვენთვის ძალიან დასანანია. ჩვენთვის ევროკავშირი წლების განმავლობაში იყო სამართლიანობის სიმბოლო და გვინდა, დარჩეს მომავალშიც სამართლიანობის სიმბოლოდ, თუმცა ევროპული ბიუროკრატია, სამწუხაროდ, ყველაფერს აკეთებს ხოლმე, რათა ჩვენი დამოკიდებულება და განწყობა შეიცვალოს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, მისივე თქმით, საქართველო მაინც ჯიუტად განაგრძობს ევროკავშირისკენ სვლას.
„იმედს გამოვთქვამთ, იმ დროისთვის, როდესაც საქართველო მზად იქნება ევროკავშირში გასაწევრიანებლად, ეს დამოკიდებულება შეიცვლება. ბატონმა პრემიერ-მინისტრმაც გამოთქვა ოპტომიზმი, რომ დადებითი მიმართულებით შეიცვლება მოვლენების განვითარება ევროპაში და ჩვენც გვინდა, გამოვთქვათ ასეთი ოპტიიზმი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ დამოკიდებულების ცვლილება, რადგან გვაქვს ძალიან მკაფიო საგარეო პოლიტიკური მიზანი – ეს არის ევროკავშირში გაწევრიანება. ჩვენ რა თქმა უნდა გვინდა, გავწევრიანდეთ სამართლიან ევროკავშირში, სადაც ბიუროკრატია და პოლიტიკოსები სამართლიანად აფასებენ მოვლენებს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. ეს არის ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა კობახიძემ.
როგორც კობახიძემ განაცხადა, უნგრეთი რჩება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ყველაზე მკაფიო და ძლიერ მხარდამჭერად.
„ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, უნგრეთის ხელისუფლებას, სწორედ რომ მათი სამართლიანი დამოკიდებულებისთვის. ვინმესგან თუ ვისმენთ სამართლიან შეფასებებს და ვხედავთ სამართლიან დამოკიდებულებას, ეს არის უნგრეთის ხელისუფლება. სწორედ ამ სამართლიანობის გამოხატულებაა ის, რომ კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო, უნგრეთი რჩება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ყველაზე მკაფიო და ძლიერ მხარდამჭერად. კიდევ ერთხელ მადლობა ამისათვის ჩვენს უნგრელ მეგობრებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.