არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ძალიან საინტერესო და პროდუქტიული ვიზიტი იყო, რასაც მომავალში ჩვენი ქვეყნისთვის ექნება კონკრეტული შედეგები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აბუ დაბიში ჟურნალისტებს განუცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, შეხვედრა შედგა მსოფლიოში ცნობილი უმსხვილესი კომპანიების წარმომადგენლებთან, რომლებსაც აქვთ ინვესტიციის ინტერესი.
„თამამად შეიძლება ითქვას, რომ ვიზიტი იყო ძალიან პროდუქტიული. გვქონდა შეხვედრა რამდენიმე კომპანიის წარმომადგენლებთან. ესენი არიან მსოფლიოში ცნობილი უმსხვილესი კომპანიები, რომლებსაც აქვთ ინვესტიციის ინტერესი. როგორც მოგეხსენებათ, „იგლ ჰილსის“ ინვესტიცია უკვე ხორციელდება საქართველოში. გვქონდა შეხვედრა DAMAC-თან, რომელიც ასევე არის მსოფლიოში ცნობილი უმსხვილესი კომპანია. გვქონდა საუბარი სხვადასხვა მიმართულებით დამატებით თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ. ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა ასევე „აბუ დაბი პორტებთან“, რომელსაც აქვს უკვე მიმდინარე პროექტი ჩვენს ქვეყანაში. ეს არის თბილისის მშრალი პორტის პროექტი, რომლის განხორციელების მეორე ფაზა დაიწყო. გვქონდა სხვა მიმართულებით კომპანიასთანაც თანამშრომლობის გაღრმავებაზე საუბარი.
გვქონდა შეხვედრა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან. მან აღგვითქვა სრული მხარდაჭერა ყველა მიმართულებით. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი ამოცანა ამ კუთხით არის ორმხრივი ურთიერთობების განვითარება ქვეყნებს შორის, ხელისუფლებებს შორის, ასევე კონკრეტულ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან. ძალიან მნიშვნელოვანია პრეზიდენტის პირადი მხარდაჭერა ამ მიმართულებით.
ასევე, გვქონდა დღეს გამოსვლა უშუალოდ ცენტრალურ ღონისძიებაზე ამ სამიტის ფარგლებში, სადაც ძირითადად საუბარი შეეხო ჩვენი ქვეყნის გეგმებს ენერგეტიკის მიმართულებით და, ასევე, დაკავშირებადობის მიმართულებით. მთლიანობაში, ვიტყვი, რომ იყო ძალიან საინტერესო და პროდუქტიული ვიზიტი, რასაც მომავალში ჩვენი ქვეყნისთვის კონკრეტული შედეგები ექნება“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.








