ახობაძის საქმესთან დაკავშირებით გამოჩნდა, რომ საქართველოში არის მაღალი სამართლებრივი სტანდარტი. გამომდინარე იქიდან, რომ 100-პროცენტიანი მტკიცებულებები არ იყო, ერთი პროცენტიც რომ რჩება, სასამართლო ვალდებულია, გაათავისუფლოს ადამიანი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, სწორედ ქვეყანაში არსებული მაღალი სამართლებრივი სტანდარტია ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ 1 000 მოძალადიდან მხოლოდ 20 ადამიანია დაკავებული.
„ახობაძის საქმესთან დაკავშირებით გამოჩნდა, რომ საქართველოში არის მაღალი სამართლებრივი სტანდარტი. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც 1000 მოძალადიდან მარტო 20 ადამიანია დაკავებული, არის სწორედ მაღალი სამართლებრივი სტანდარტი. აქაც არის მაღალი სამართლებრივი სტანდარტი, გამომდინარე იქიდან, რომ 100-პროცენტიანი არ იყო მტკიცებულებები, ერთი პროცენტიც რომ რჩება, სასამართლო ვალდებულია, გაათავისუფლოს ადამიანი. როცა იცის, რომ ადამიანი არის გადავარდნილი ნარკომანი, მოიხმარს, ასაღებს ნარკოტიკებს და ა.შ., მაშინაც კი, თუ არ არის 100-პროცენტიანი მტკიცებულებები, სასამართლოს ევალება, გაათავისუფლოს ადამიანი. მე არ მინდა, გვარებში შევიდე, არცერთ გვარს არ ვეხები. ვიდეო რომ არ იყო გადაღებული, სწორედ ამის გამო გაათავისუფლეს ახობაძე პატიმრობიდან. საუბარია 100-პროცენტიანი მტკიცებულების სტანდარტზე. მინდა, ერთი რამ გირჩიოთ, აქ საქმე არ ეხება არც ახობაძეს, არც პეტრეს და არც პავლეს, ნუ გამოაცხადებთ ადამიანებს გმირებად, რომლებიც ბავშვებს ჰპარავდნენ მორფს, ეს არის ჩემი რჩევა“, – განაცხადა პრემიერმა.