ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ საანგარიშო პერიოდში საქართველომ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, მინდა ყველას კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, უმთავრეს საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტად რჩება ევროკავშირში ინტეგრაცია.
„პირველი ოფიციალური ვიზიტი პრემიერ-მინისტრის რანგში განვახორციელე სწორედ ბრიუსელში, სადაც დავესწარი ასოცირების საბჭოს სხდომას. რა თქმა უნდა, გაგრძელდება ასოცირების დღის წესრიგით და ცხრა პრიორიტეტით გათვალისწინებული პირობების შესრულება. 2030 წლისთვის საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე მეტად იქნება მზად, რათა გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა. რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას ნატო-სთან. ამ შემთხვევაშიც, პრემიერ-მინისტრის რანგში ჩემი პირველი საგარეო ვიზიტის ფარგლებში მქონდა შეხვედრები ნატო-ს ხელმძღვანელობასთან და მონაწილეობა მივიღე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში. სხვადასხვა მიმართულებით გვაქვს ძალიან პროდუქტიული თანამშრომლობა, მათ შორის სამხედრო სფეროში, თავდაცვის სფეროში და ამ თანამშრომლობის გაღრმავება დარჩება ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად“, – განაცხადა პრემიერმა.