როდესაც ბრიუსელის მხრიდან ვხედავთ კრიტიკას, ამას ყოველთვის უნდა მოჰყვებოდეს ჯანსაღი დისკუსია, რასაც ჩვენ დღესაც ვითხოვთ, თუმცა ვერც ისინი, ვერც მათი დიპლომატები და ვერც ის აგენტურა შემოდის დისკუსიაში, რომელთაც ისინი მართავენ, ესენი კი ყურმოჭრილი მონებივით ემორჩილებიან, – ამის შესახებ  საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან რთულია, შეხვიდე დისკუსიაში ქართველებთან და მოსთხოვო, რომ გამჭვირვალობის კანონი არ მიიღონ.

„თურმე, გაუმჭვირვალობაზე გადის ევროპული გზა. რთულია დისკუსიაში შემოსვლა, როცა ეუბნები ქართველს ან ნებისმიერ თავმოყვარე ერს, რომ ლგბტ+ კამპანიის აკრძალვა თურმე არაევროპულია. რთულია დისკუსია, როცა ეუბნები ქართველებს, რომ თურმე შეიძლება, იუსტიციის სახლში მივიდეს კაცი და გადაკეთდეს ქალად. რთულია შემოხვიდე დისკუსიაში, როცა ეუბნები ქართველებს, რომ ევროპული ღირებულებაა ერთნაირსქესიანთა ქორწინება. ამ კანონების გაუქმებაზე აქვთ საუბარი უკვე წლებია. რთულია შეხვიდე ხელისუფლებასთან, საზოგადოებასთან დისკუსიაში, სადაც ეუბნები ქართველებს, რომ პოლიციელის დაწვა, მოლოტოვის კოქტეილების სროლა, რევოლუციური სცენარები არის ამოხატვის თავისუფლება. რთულია ამის თქმა და მტკიცება ქართველებისთვის. ამიტომ, ვისმენთ ასეთ უტიფარ განცხადებებს. ისინი არიან ავტორები იმ დიდი აფიორისა, როცა კანონს დაარქვეს „რუსული კანონი“. რთულია, აგიხსნან, რატომ არის ეს კანონი რუსული. ამიტომ ვისმენთ ასეთ უტიფარ განცხადებებს. სწორედ ასეთი განცხადებები აყენებს ჩრდილს მათ რეპუტაციას და იმ ღირებულებებს, რაზეც იდგა ევროკავშირი. ჩვენ ვხედავთ კვლევებს თვითონ ევროკავშირში, რა შთაბეჭდილება და შეხედულებები აქვს ევროკავშირის ქვეყნების მოსახლეობას იმ პოლიტიკასთან დაკავშირებით, რასაც ბრიუსელის ელიტა ეწევა“, – განაცხადა კირცხალიამ.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე განაცხადა: „ქართველ ხალხს ევროპული მომავალი სურს, თუმცა „ქართული ოცნება“ სისტემატურად ართმევს მას, ჩვენი ამჟამინდელი მიდგომა ცვლილებისთვის საკმარის ზეწოლას არ იწვევს“.