ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის, ქართველების ხელშია ერთი იარაღი და ამ იარაღს ჰქვია სიმართლე, რომელიც ყოველთვის იმარჯვებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„სიმართლე ყოველთვის პოულობს იმ ნათელ გზას, რომელ ნათელ გზაზეც დღეს, მიუხედავად შემოტევებისა, ჩვენი ქვეყანა დგას, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩვენი საზოგადოების მეოხებით“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.
შეკითხვაზე, რა როლი აქვს არასამთავრობო ორგანიზაციებს იმ პროცესში, რომელსაც მმართველი გუნდი გარედან მართულს უწოდებს, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია არსობრივად, რას ნიშნავდა და რას ნიშნავს დღეს, ამას საბედნიეროდ, განსაკუთრებით, ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ ძალიან ხმაურიანად დაერქვა სახელი, პირველ რიგში, აშშ-ში, შემდეგ ევროკავშირში, ასევე ჩვენ ქვეყანაში.
„რომელი ერთი კომისიის დასკვნა, განცხადება, სკანდალური გამოძიება გავიხსენო არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომელიც ახლაც მიმდინარეობს ევროკავშირის მასშტაბით და სხვადასხვა ქვეყანაში. ხომ ნათელი გახდა ყველაფერი და ყველაზე მთავარი ის, რომ ესენი რეალურად, გამტარი იყვნენ იმ შავი და ბინძური ფულის, რომელი ფულითაც პირდაპირ ფინანსდებოდა რევოლუცია. ამის პირდაპირი განცხადებები გვაქვს მოსმენილი ევროკავშირის, ევროპის კომისიის ხელმძღვანელობისგან, ხომ? ჩვენ ვაფინანსებდით ამ ყველაფერს და დღესაც ვეძებთ გზებს, როგორმე დავაფინანსოთო ის რადიკალიზმი, რომელიც რადიკალიზმის გამოვლინებაც თვალსაჩინოა და არა მხოლოდ ჩვენ ქვეყანაში. ჩვეულებრივი შპს-ებია, გამტარი შავი ფულის. როგორც კი ქვეყანაში მივიღეთ პრევენციული ზომა, რომელიც პირდაპირ ემსახურება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოდ სვლას ამ გარე ბინძური, დესტრუქციული ჩარევებისგან, გამოვიდნენ და საუბრობენ, კი მიღებულ იქნა გამჭვირვალობის კანონი, მაგრამ ჩვენ ვეძებთ გზებს, კიდე და კიდევ დავაფინანსოთ ეს ყველაფერი“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
შეკითხვაზე, რა გზით იღებენ გამოყოფილ დაფინანსებას არასამთავრობო ორგანიზაციები და არის თუ არა ეს თანხები დეკლარირებული ამ შემთხვევაში გამჭვირვალობის კანონის შესაბამისად, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომ რა გზით იღებენ, ამ ყველაფერს საზოგადოება დროთა განმავლობაში იხილავს, როგორც ამას აქამდე აკეთებდნენ შესაბამისი უწყებები.
„საზოგადოება ხედავს, თუ რეალურად ვინ დარეგისტრირდა ამ რეესტრში, რამდენი ორგანიზაცია დარეგისტრირდა, რა პირობები შეასრულეს და ა.შ. დაფინანსების გზა უამრავია. მე არ მინდა, შევიჭრა იმ უწყებების და სამსახურების კომპეტენციაში, რომლის პირდაპირი ვალდებულებაა ეს, მაგრამ უამრავი საშუალება არსებობს დაფინანსების ხომ? პირობითად, ჩვენ ვნახეთ უამრავ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში რაღაც მიღებების გამართვა მაგალითად. არსებობს რაღას კონკრეტული მიმართულებით დახელფასების გზები. მედიაზე ვისაუბროთ, არ არსებობს საკანონმდებლო სივრცეში ასეთი საკანონმდებლო ბაზა მსოფლიოში და ესეც გამოწვევაა. გამოწვევას როდესაც მიჰყვები, ხედავ, რომ გზებს მაინც ნახულობენ, მაგრამ იმ რაოდენობით ვეღარ, როგორი რაოდენობითაც აკეთებდნენ. ეს დაეტყო პირდაპირ, ქუჩაში გახედეთ დღეს იმ 300-კაციან დაჯგუფებას, „გულანთებულ“ აქციას. ამას არ აქვს მომავალი, რადგან ეს ყველაფერი იყო აგებული სიცრუეზე და ყველაფერი, რაც არ მოდის სიმართლისგან, ეს ბედი უწერია. ხომ ვსაუბრობდით, რომ ეს ყველაფერი იყო დაფინანსებული, როგორც კი შეეზღუდათ დაფინანსება, გზები, სრულიად კანონიერად, რომ მიეღოთ ის გამოყოფილი თანხები, რომელიც პირდაპირ დესტრუქციისთვის იყო გამოყოფილი, ვნახეთ, რა დარჩა დღეს“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.









