"მადლობა ჯოზეფ ბორელს ჩამობრძანებისთვის. ეს არის ცალსახად გზავნილი, რომ ევროკავშირი დგას საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით. ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლებას კარგად აქვს გააზრებული, რომ ევროკავშირში სრულფასოვანი გაწევრიანების პროცესი შრომატევადია და დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს.
„ჩვენ გასულ წელს მივიღეთ ევროპული პერსპექტივა, რომელიც იყო ისტორიული გადაწყვეტილება. ამისთვის კიდევ ერთხელ მინდა, მადლიერება გამოვხატო ჩვენი მთავრობის სახელით. ეს ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილება იყო. ასევე, ჩვენ კარგად გვესმის, რომ ევროკავშირში სრულფასოვანი გაწევრიანების პროცესი არის საკმაოდ ხანგრძლივი, შრომატევადი და გრძელვადიან ვალდებულებებს, დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს.
ჩვენ ეს კარგად გვაქვს გააზრებული, გაცნობიერებული. სწორედ ამ მიზნით და ამ სულისკვეთებით ჩვენ დავიწყეთ მუშაობა 12 რეკომენდაციის შესრულებაზე მას შემდეგ, რაც 12 რეკომენდაცია გადმოგვეცა. ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, საქართველოს პარლამენტმა მთავრობასთან ერთად და სხვა აქტორებთან ერთად, უზარმაზარი სამუშაო გასწიეს. მინდა, კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რა სამუშაო იქნა გაწეული ჩვენი მხრიდან.
პირველ რიგში, ჩვენ ვაჩვენეთ ძლიერი ნება, რომ მზად ვართ, შევასრულოთ ნაკისრი ვალდებულებები და ევროკომისიის რეკომენდაციები განვახორციელოთ. ჩვენ უზრუნველვყავით აბსოლუტურად გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესი, თავიდანვე მოვიწვიეთ ყველა დაინეტერესებული მხარე, ოპოზიცია, მათ შორის რადიკალური ოპოზიციაც, ჩვენ კარი გავუღეთ მათ. შეიქმნა სამუშაო ჯგუფები და ყველა დაინტერესებული მხარე იქნა მოწვეული ამ პროცესში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.