„რამდენიმე კითხვა მინდა საჯაროდ დავსვა: არის თუ არა მოსაწონი, როცა დიდი „ენჯეოები“ ვინც არიან, იღებენ დაფინანსებას უცხოეთიდან? პრემიერ-მინისტრი როცა ვიყავი, ამაზე ღიად ვესაუბრებოდი ჩვენს პარტნიორებს, მეგობრებს და ღიად გამოვხატავდი უკმაყოფილებას, მე არაერთხელ მითქვამს მათთვის პირდაპირ, რომ არ მომწონს, არ მოგვწონს ჩვენ, რომ თქვენი სახელმწიფო ორგანიზაციები და ფონდები აფინანსებენ რადიკალური დღის წესრიგის მქონე არასამთავრობოებს. ცუდ საქმეს აკეთებდნენ და აკეთებენ.- – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
"ჩემი პოზიცია იყო შემდეგი: ჩვენთვის არის მიუღებელი, როცა ეს ფული მიემართებოდა ან მიემართება დესტრუქციული, ანარქისტული, ექსტრემისტული აქციების ორგანიზებისთვის, როცა ეს ფული მიემართება სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული იდეოლოგიის გავრცელებისთვის. ძალიან ბევრი აქციის უკან იდგნენ ეს ცნობილი, აგრესიულობით გამორჩეული ორგანიზაციები, იგივე „სირცხვილია“, სხვა ორგანიზაციები, რომლებიც იღებდნენ დაფინანსებას უცხოეთიდან და ამ ფულს იყენებდნენ მთავრობის, ხელისუფლების, ხალხის წინააღმდეგ, შემოჰქონდათ შფოთვა, არეულობა, ქაოსი. ეს მიუღებელია.
ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, მიუღებელია ყველა ის დაფინანსება, რომელიც მიმართულია სახელმწიფოს წინააღმდეგ. მე ყველაზე არ ვსაუბრობ, ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია ვიცით, რომელიც მართლა კარგ საქმეს აკეთებს და მე მივესალმები მათ საქმიანობას, ეს ფული თუ ხმარდება კეთილ საქმეებს და ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს ამის. არიან ორგანიზაციები, რომლებიც საქმიანობენ, თუნდაც შშმ პირთა უფლებების დასაცავად, სხვები, მაგრამ შენიღბული ორგანიზაციები, რომლებიც არიან, ფაქტობრივად, დე ფაქტო, ყველაზე რადიკალური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი სატელიტები, მათი საქმიანობა არ არის გამჭვირვალე. ისინი ახდენენ დისკრედიტაციას სხვა არასამთავრობოების. ეს არის პრობლემა, ისინი ახდენენ დისკრედიტაციას, მათ შორის, ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების და ამ ურთიერთობას აზიანებენ“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.