„ყველა ბოროტებას შორის რაც სააკაშვილმა და მისმა კრიმინალურმა ბანდამ ჩაიდინა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ, 2008 წლის აგვისტოს ომი დარჩება ყველაზე მძიმე დანაშაულად რომლის პატიება არ შეიძლება! ამ ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, ომი არ იყო გარდაუვალი და კიდევ გავიმეორებ რაც ბევრჯერ მითქვამს: მაშინ ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი ეს ომი არ მოხდებოდა!“- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯომარე ირაკლი ღარიბაშვილმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ამბროლაურში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ღარიბაშვილის თქმით, აუცილებელია ყველა კითხვას გაეცეს პასუხი, რატომ არ ააცილა თავიდან აგვისტოს ომი სააკაშვილის ხელისუფლებამ ქვეყანას და ხალხს.
„ახლა, როცა უკვე ჩვენმა ხელისუფლებამ ჰააგაში და სტრასბურგში მოვიგეთ აგვისტოს ომთან დაკავშირებული ყველა პროცესი, აუცილებელია ყველა კითხვას გაეცეს პასუხი, რატომ არ ააცილა თავიდან ეს ომი სააკაშვილის ხელისუფლებამ ჩვენს ქვეყანას და ხალხს, რატომ გადადგა ასეთი წინდაუხედავი ნაბიჯები, რომლის შედეგების გათვლა ძალიან მარტივი იყო და პატარა ბავშვიც კი მიხვდებოდა რას გამოიწვევდა მისი ავანტიურისტული, უგუნური და მოღალატეობრივი ნაბიჯები...
დღეს ეჭვი არავის ეპარება რომ მათ მშვენივრად იცოდნენ თუ რას აკეთებდნენ და დღემდე უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა რჩება, რატომ დააბრუნეს 2007 წელს საქართველოდან გაყვანილი რუსეთის ჯარი კიდევ უფრო დიდი ძალით რამდენიმე თვეში და რატომ ჩააბარეს 100-ზე მეტი სოფელი, რომელიც ომამდე ჩვენი კონტროლის ქვეშ იყო?
რატომ გადასცეს უბრძოლველად, რატომ აჩუქეს კოდორის ხეობა? ომის დასრულების შემდეგ რატომ მოაწერეს ხელი საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო რეზოლუციას? ომის შემდეგ რატომ გააგრძელეს ცხოვრება ისე თითქოს არაფერი მომხდარა და რატომ გადასცეს სტრატეგიული ობიექტები, რატომ გაუხსნეს ცალმხრივად უვიზო რეჟიმი იმ დროს როდესაც პარალელურად რუსეთს დაწყებული ჰქონდა სამხედრო ბაზების მშენებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე?“-აღნიშნა ღარიბაშვილმა.
როგორც პარტიის თავმჯდომარემ განაცხადა „ასეთი უმძიმესი დანაშაულის და ღალატის ჩამდენი კრიმინალური ბანდა დღესაც აცხადებს პრეტენზიას ხელისუფლებაში დაბრუნებაზე... არათუ ხელისუფლებაში არ უნდა მოვუშვათ აღარასოდეს, არამედ სამუდამოდ უნდა აეკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა ასეთ მოღალატე პოლიტიკურ ორგანიზაციას, ვინც ჩვენი ძირძველი ტერიტორიები დაკარგა, გააჩუქა და გაყიდა!“
„ასეთი მასშტაბის უბედურების მომტანი კრიმინალური ბანდა რუსეთ-უკრაიანის ომის დაწყებისთანავე ყველაფერს აკეთებდა, რომ რაიმენაირად მომხდარიყო დესტაბილიზაცია ქვეყანაში, გადატრიალება, გარე ძალებთან ერთად კოორდინაციით მიმართავდნენ დესტრუქციულ, პროვოკაციულ ქმედებებს საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ, იმისთვის რომ მეორე ფრონტი გახსნილიყო საქართველოში, იმისთვის, რომ აქაც გადმოეტანათ ომი და მეორე პოლიგონად გადაექციათ ჩვენი ქვეყანა... გავიხსენოთ ომის დაწყებისთანავე როგორ ითხოვდნენ სანქციების დაწესებას, რაც პირდაპირ ეკონომიკურ კოლაფსს გამოიწვევდა და ამით ხომ საკუთარი ქვეყნის და ხალხის დასანქცირებას ითხოვდნენ? ასევე ისინი ითხოვდნენ მათ მიერ რუსეთისთვის ცალმხრივად დაწესებული უვიზო რეჟიმის გაუქმებას, ტურიზმის, ვაჭრობის და ფრენების შეჩერებას... ომის პირველივე დღეებში ითხოვდნენ უკრაინიდან თვითმფრინავების მიღებას და მოხალისეების გაგზავნას და ასეთ პროვოკაციულ ქმედებაზე მთავრობის ნებართვას, ითხოვდნენ მეორე ფრონტის გახსნას, არ დაგვავიწყდეს რომ არამარტო სააკაშვილის პარტიები და ენჯეოები, რომლებიც დღეს მოგვევლინენ ახალი პარტიების სახით და სხვა სახელებით, არამედ ყველანი - „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, ოპოზიცია, ახლად შექმნილი კოალიციები ითხოვდნენ ბომბების ცვენას თბილისის თავზე და ეროვნული ინტერესების ღალატს! ითხოვდნენ მთავრობის გადადგომას ურთულეს დროს. რატომ? იმიტომ რომ მაშინ ჩვენ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ: არ ვუღალატეთ მათსავით ქვეყანას და არ გავწირეთ ხალხი, არამედ უკომპრომისოდ დავიცავით ეროვნული ინტერესები, რითაც თავიდან ავიცილეთ ომი და უბედურება...“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.