"რადიო თავისუფლების" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას ამარტივებს, შეფასებები ოპოზიციაში კეთდება. ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, გამარტივებული მექანიზმის ამოქმედება დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება იქნება.

"ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში აისახება ქვეყნის ბედზე. როცა ევროპად აღგიქვამენ და გაქვს შესაბამისი თემები დაკავშირებული ევროპასთან, მაშინ არ უნდა დგამდე ისეთ ნაბიჯებს, რითაც შენს ქვეყანას აქცევ აზიური ტიპის დიქტატურად. ამ შემთხვევაში ეს სიკეთეები, რაც გვაკავშირებს ევროპასთან, სამწუხაროდ, ჩამოგვერთმევა," - აღნიშნა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა.

ცნობისთვის, "რადიო თავისუფლების" მიერ გავრცელებულ სტატიაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი წლის ბოლოს ეცდება უფრო იოლი გახადოს უვიზო მიმოსვლის გაუქმება იმ 61 ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამჟამად ამ პრივილეგიით სარგებლობენ, მათ შორის არიან დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა. როგორც რიკარდ იოზვიაკი წერს, ევროკავშირი იკანონებს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმს და ბრიუსელს სურს, სავიზო პოლიტიკა მესამე ქვეყნებზე ზეწოლის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენოს.