შორს უნდა ვიყოთ ილუზიისგან, რომ ჩვენთვის უცებ მზე ამობრწყინდება, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, სერიოზული ცვლილებები დაიწყება საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებში და ეს იქნება გარდაუვალი, – ამის შესახებ ფილოსოფოსმა, პროფესორმა, ირაკლი ბათიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„აშშ-თან ურთიერთობაში ძალიან სერიოზული ცვლილებები დაიწყება. უფრო სწორად, ამის პერსპექტივა გამოჩნდება და შესაძლებლობა გაიხსნება. ეს არც თუ შორეული მომავლის საქმეა. ტრამპს ძალიან სერიოზული გუნდი ჰყავს მსოფლმხედველობრივად შეკრული, არაორდინალური. მათთვის ცალკეული საკითხები აბსოლუტურად უცხოა, როგორც ჩვენთვის. მაგალითად, რასაც საქართველოსგან ითხოვდნენ, სახელმწიფოსგან მოხალისეების ორგანიზებულად გაგზავნას და რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, რაც პრაქტიკულად, იყო ბიძგი, რომ რუსეთთან კონფლიქტისაკენ წავსულიყავით. ეს ყველაფერი ძალაუნებურად, წაიყვანდა ანტაგონიზმისკენ რუსეთთან ომის პირობებში. ისედაც ანტაგონიზმი გვაქვს ჩვენ, ოკუპანტია რუსეთი, წართმეული აქვს ჩვენი ტერიტორიები, მაგრამ ამ შემთხვევაში მთელი ეს ნაბიჯები უკვე გარკვეულ სახიფათო ზღვართან მიგვიყვანდა, რომელიც რით დამთავრდებოდა, კაცმა არ იცის. დონალდ ტრამპმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა, მე მინდა, აშშ და მე ამ ომებით გახლეჩილ მსოფლიოში ვიყოთ მშვიდობისმყოფელი და გამაერთიანებელიო. ჩვენი ხელისუფლება ლაპარაკობს, ჩვენი კურსი არის მშვიდობისკენ და არ გვინდა რაღაც ისეთი ნაბიჯის გადადგმა, რამაც მშვიდობა შეიძლება, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოსო. ეს აშშ-ის დღევანდელი ხელისუფლებისთვის აბსოლუტურად არ არის მიუღებელი“, – განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა.
მისი თქმით, დონალდ ტრამპმა პირველი წარმატება უკვე დადო ინაუგურაციამდე, როცა ახლო აღმოსავლეთში ძალიან სახიფათო ომი შეწყდა და ახლა, თავის წარმომადგენელს რუსეთ-უკრაინის ომის ას დღეში დამთავრების დავალება მისცა.
„როცა ტრამპი დაიწყებს აქტიურ მოქმედებას, ჩასვლას და შეხვედრას, კრემლი იძულებული იქნება და ყველა შემთხვევაში გაუწევს ანგარიშს“, – განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა.
მისი თქმით, მეორე საკითხი, რის გამოც საქართველოს ხელისუფლების იზოლაციის მცდელობები დაიწყო, არის გამჭვირვალობის კანონი, რომელიც პოლიტიზირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს ეხება და მეორეა, ოჯახური ღირებულებების კანონი, ხოლო ტრამპის ადმინისტრაციამ უკვე შეაჩერა ყველანაირი გარე დაფინანსება 90 დღით და თვლის, რომ პოლიტიზირებულ არასამთავრობო ორგანიზაციები მთელ მსოფლიოში არიან „დიპ სთეითის“ საცეცები. ასევე აღსანიშნავია მისი დამოკიდებულება გენდერის საკითხთან დაკავშირებით.
„სამხრეთ კავკასია და ახლო აღმოსავლეთის რეგიონი აშშ-ის მძაფრი ინტერესის სფეროში რჩება, ამიტომ ტრამპის ადმინისტრაცია გამჭვირვალობის და ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონებისთვის და იმისთვის, რომ საქართველომ უარი არ თქვა მშვიდობაზე, ნამდვილად არ ჰკრავს ხელს საქართველოს. პირიქით, ოღონდ, ამას აქედან მუშაობა დასჭირდება. ასე არ არის, ჩვენ ხელი არ გავანძრიოთ“, – განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა.
შეკითხვაზე, როგორ უნდა განიმუხტოს საქართველოში შექმნილი ვითარება, როცა საზოგადოება უკიდურესად პოლარიზებულია და როგორ უნდა განიმუხტოს კრიზისი, რადგან აქციები თითქმის ორი თვეა, უწყვეტად მიმდინარეობს, ირაკლი ბათიაშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოებაში არანაირი პოლარიზაცია და მასობრივი მღელვარება არ არის, ეს არის გარკვეული ჯგუფების დაპირისპირება ხელისუფლებასთან, პროტესტის საყოველთაობა შექმნილია ვირტუალიზირებული საინფორმაციო ტექნოლოგიური საშუალებების მიერ და დაპირისპირება დიდწილად, არის გარე ძალებიდან ინსპირირებული და ნასაზრდოები.