2024 წლის 10 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით მყოფ ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის (PSC) წევრ ელჩებთან.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ევროკომისიის, საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურისა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება დაეთმო საქართველოსა და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას. ილია დარჩიაშვილმა სტუმრებს გააცნო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული რთული ვითარება როგორც უსაფრთხოების ისე ჰუმანიტარული თვალსაზრისით არსებული ვითარება. მინისტრმა ევროკავშირის ელჩებს კიდევ ერთხელ დაუდასტურა ხელისუფლების მტკიცე ნება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის მხრივ. ელჩებმა ხაზი გაუსვეს ევროკავშირის განუხრელ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ევროკავშირის მზაობას გააგრძელოს აქტიური როლის შესრულება ამ პროცესში. შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს, როგორც ევროკავშირის სანდო და სტრატეგიული პარტნიორის როლს შავი ზღვის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის, ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის, დაკავშირებადობის განვითარებისა და დემოკრატიის ხელშეწყობის პროცესში.
შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე. ელჩებმა კიდევ ერთხელ მიულოცეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი და აღნიშნეს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კარი ღიაა. ილია დარჩიაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ხელისუფლების ერთგულება ქვეყნის ევროპული კურსისადმი და მზაობა რეფორმების კომპლექსური დღის წესრიგის განხორციელებისადმი. მან ელჩებს გააცნო ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ძირითადი ნაბიჯების შესრულების მიმდინარეობა და გამოთქვა მოლოდინი, რომ საქართველო გაწევრიანების შემდეგ ეტაპზე გადავა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის ელჩების ვიზიტს, რომელიც ხანგრძლივი შესვენების შემდეგ კვლავ ეწვია საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობების უმნიშვნელოვანეს ეტაპზე, რაც ევროკავშირის მიერ საქართველოს მიმართ მხარდაჭერის ძალზე ძლიერი პოლიტიკური სიგნალია.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 10-11 აპრილს ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის (PSC) წევრი ელჩები საქართველოს ორ დღიანი ვიზიტით ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ელჩების შეხვედრები აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი და უმაღლესი რანგის ოფიციალურ პირებთან; ასევე დაგეგმილია დელეგაციის მიერ საქართველოს საოკუპაციო ხაზზე ვიზიტი. PSC-ის ელჩების ვიზიტი საქართველოში მეოთხედ იმართება. ბოლოს, ანალოგიური ვიზიტი 2017 წელს გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტი (PSC) ამზადებს ევროკავშირის საბჭოს სხდომებს და სთავაზობს ევროკავშირის საბჭოს სტრატეგიულ მიმართულებებით რეკომენდაციებსა და პოლიტიკის განხორციელების გზებს. ასევე კომიტეტი მონაწილეობს ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CSFP) და ერთიანი უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) შემუშავებაში.